კატეგორიები

ბოდიში მაყურებელს - ვუჩიჩის მარცხის შემდეგ სერბულმა ტელეარხმა რიტორიკა შეცვალა

ბოდიში მაყურებელს - ვუჩიჩის მარცხის შემდეგ სერბულმა ტელეარხმა რიტორიკა შეცვალა
მაყურებლისადმი წამყვანის ბოდიშით დაიწყო სერბეთის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია დამარცხდა.

„მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებდა. გარკვეულ საკითხებზე დუმდა, პრობლემებზე თვალს ხუჭავდა, ინფორმაციას ცალმხრივად წარმოადგენდა, ხოლო გაშუქებას კრიტიკული პერსპექტივა აკლდა. საჭირო კითხვებს არ სვამდა. ამის გამო მაყურებლის წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი“, - განაცხადა ტელეკომპანია RTV-ის საინფორმაციო გამოშვება Dnevnik-ის წამყვანმა, გორან ერორმა.

26 ოქტომბერს, გვიან საღამოს, ბელგრადში ათობით დემონსტრანტი პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია „ინფორმერის“ შენობაში შეიჭრა.

ისინი მთავარი რედაქტორის, დრაგან ვუჩიჩევიჩისგან მაყურებლებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, იმავე მიზეზების გამო, რაც მანამდე გააპროტესტეს.

მომხდარი დაგმო სერბეთის „პროგრესული პარტიის“ ლიდერმა და ქვეყნის ექსპრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ამაღამ ჩვენ უპრეცედენტო, საზარელი ძალადობის მომსწრენი გავხდით. ეს გამოიხატა ტელეკომპანია „ინფორმერში“ შეჭრით, რაც გამოხატვის თავისუფლებაზე, საზოგადოებრივი დისკუსიის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკის თავისუფლებაზე თავდასხმაა.

საგულისხმოა, რომ ამაზე სიტყვის თქმას ვერავინ ბედავს. ევროკავშირი დუმს; ყველა დუმს - მათ შორის, მრავალი ჟურნალისტური გაერთიანება და კოლეგა ჟურნალისტები - თითქოს მათ რაიმე უფლება ჰქონდეთ, დრაგან ვუჩიჩევიჩზე საკუთარი ბოღმა გადმოანთხიონ.

თუმცა, აქ გაცილებით უფრო სახიფათო რამ იმალება. დრაგან ვუჩიჩევიჩი ბლოკადის სიაში პირველ ადგილზე მყოფ ილია სრდანოვიჩსაც კი დაუკავშირდა და სთხოვა, დახმარებოდა - კერძოდ, ეთხოვა იქ მყოფი ადამიანებისთვის, გარეთ გამოსულიყვნენ. მან ამაზე უარი თქვა.

ჩვენ საქმე გვაქვს სახიფათო და უპასუხისმგებლო ადამიანებთან“, - განაცხადა სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა.

იმავე დღეს ვოევოდინის რეგიონული საზოგადოებრივი სატელევიზიო არხის მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნენად ჩაჩიჩმა თანამდებობა დატოვა.

პროფკავშირები მის გადაყენებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ითხოვდნენ და მიზეზად მაუწყებლის რეპუტაციის შელახვასა და ამბების ხელისუფლების სასარგებლოდ გაშუქებას ასახელებდნენ.

საგულისხმოა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, მაყურებლისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია უნგრეთის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. მაშინ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ წლების განმავლობაში, ვიქტორ ორბანის მმართველობისას, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა არ იყო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე, ხოლო მედიასაშუალება არ აშუქებდა საზოგადოების მიერ დაკვეთილ, პრობლემურ თემებს.

არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მედია მისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის მთავრობის პროპაგანდას ეწეოდა და აუცილებელი იყო რეორგანიზაციის ჩატარება.

შედეგად, ხელისუფლებამ მაუწყებელს დროებითი მენეჯმენტი დაუნიშნა და თანამშრომლები, რომელთაც ორბანის მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებდნენ, გაათავისუფლა.

დაკავშირებული ამბები
ბოდიში მაყურებელს - ვუჩიჩის მარცხის შემდეგ სერბულმა ტელეარხმა რიტორიკა შეცვალა „პოლიტიკური მიწისძვრა“ სერბეთში - ვუჩიჩის ეპოქა დასრულდა