მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში ულტრამემარჯვენე განწყობები ძლიერდება

გერმანიაში ულტრამემარჯვენე განწყობები ძლიერდება

ულტრამემარჯვენე, რასისტული და ანტისემიტური ძალადობის მაჩვენებელი გერმანიაში უპრეცედენტო დონეს აღწევს. პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაძლიერებამ და ულტრამემარჯვენე ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების მომრავლებამ გერმანიაში მსხვერპლთა საკონსულტაციო ცენტრების შეშფოთება გამოიწვია.

ევრონიუსი გაემგზავრა თიურინგიაში, იქ, სადაც ულტრამემარჯვენე განწყობები განსაკუთრებით ძლიერია და ძალადობის ერთ-ერთ მსხვერპლს ესაუბრა.

„შექმნილი ვითარება მაშინებს. მე აქ გავიზარდე. კულტურის გავლენისა და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც აქ გამოვცადე, გერმანელი უფრო ვარ, ვიდრე არაბი“, – ამბობს მაიარი, ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი.

მაიარი 20 წლისაა, იგი სირიიდანაა, თუმცა თითქმის ცხრა წელია გერმანიაში ცხოვრობს. განსაკუთრებით ის აწუხებს, რომ გერმანიის სასამართლოს მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა იზრდება.

„საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ გერმანიაში გაზრდილი ადამიანი შეიძლება ერთ დღეს აქედან მხოლოდ იმიტომ გამაძევონ, რომ სხვა ქვეყნიდან ვარ. ეს ძალიან სამწუხაროა, გაშინებს და თავს უცხოდ გაგრძნობინებს“, – ამბობს მაიარი.

გერმანიაში ულტრამემარჯვენეთა მიერ ჩადენილი რასისტული და ანტისემიტური ძალადობის მაჩვენებელი 2013 წლიდან რეკორდულად გაიზარდა. მსხვერპლთა მხარდამჭერ ჯგუფ „ეზრაში“ ამბობენ, რომ ზოგიერთი შემთხვევის გამოძიებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ულტრამემარჯვენე, რასისტული და ანტისემიტური ძალადობის მსხვერპლი 23 928 ადამიანი გახდა.

„მათ იციან, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. თუ მათ პასუხისგება მოუწევთ, ეს წლების შემდეგ და მსუბუქი ფორმით მოხდება, მათ არ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმ პოლიტიკურ მოტივებზე, რომლებიც მათი არაადამიანურობის უკან დგას“, – აღნიშნავს „ეზრას” პრესსპიკერი ფრანც ზობელი.

მსხვერპლთა მხარდამჭერი ჯგუფი ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევების ზრდა ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერასთანაა დაკავშირებული. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგით მეორე ადგილზეა და მოსალოდნელია, რომ მომავალ არჩევნებში დიდ წარმატებას მიაღწევს.

„ულტრამემარჯვენე პარტიის პოლიტიკოსები ხშირად თვითონ სჩადიან დანაშაულს. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები ხალხს თავს რეგულარულად ესხმიან“, – ამბობს ფრანც ზობელი.

თიურინგიის მსხვერპლთა მხარდაჭერის ჯგუფში ამბობენ, რომ არსებული სტატისტიკა ყველა დანაშაულს არ ასახავს და ეს მონაცემები სრული სურათის მხოლოდ ნაწილია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend