მთავარიEuropean Union"ევროკავშირი თავდაცვის ხარჯებს გაზრდის"

“ევროკავშირი თავდაცვის ხარჯებს გაზრდის”

ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინისთვის სასწრაფო სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება იყო მთავარი თემა, რასაც განიხილავდნენ ორი დღის განმავლობაში ევროპელი ლიდერები.

შეიძლება ითქვას, რომ ბლოკში მეტ-ნაკლებად არის კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის მიწოდების პროცესი.

როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, იმისათვის რომ უკრაინამ სრულად გამოიყენოს საკუთარი უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია რუსული აგრესიისგან, მას სასწრაფოდ სჭირდება ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ტყვია-წამალი და სარაკეტო შეიარაღება.

ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ დააჩქარებენ უკრაინისთვის ყველა საჭირო სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებას.

გარდა ამისა, ბლოკი მზად არის არსებითად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და გააძლიეროს თავდაცვის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ბაზები, რათა წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ორდღიან სამიტზე რუსულ აგრესიასა და მის შესუსტებაზე საუბრისას ევროკავშირის ლიდერები არ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილებით. მათ განაცხადეს, რომ ისინი ყველანაირად დაეხმარებიან მოლდოვას საკუთარი უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის გამყარებაში, რათა უკეთ მოიგერიოს რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და რუსეთის მცდელობები ჩაერიოს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში.

საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი ასევე გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადალახვაში, რის წინაშეც დგას ქვეყანა რუსეთის მცდელობების გამო, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, სამიტზე აღნიშნეს, რომ ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე განიხილავს შიდა რეფორმებს, რათა 2024 წლის ზაფხულისთვის უკვე მიღებული იყოს კონკრეტული გადაწყვეტილებები ბლოკის გაფართოების სამომავლო ნაბიჯების თაობაზე.

ევროპული საბჭო მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. მიესალმება უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე.

სარაევოს მთავარი ქუჩა, ბოსნია, 21 მარტი, 2024 წელი Copyright AP Photo/Eldar Ermic

უკრაინისა და მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩოხელშეკრულებების წარდგენის შემდეგ ევროპული საბჭო ახლა ემზადება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცდეს ეს მონახაზი და წინ წავიდეს ამ ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ევროპული საბჭო აკვირდება საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე და მოუწოდებს ქვეყანას, განაგრძოს იმ პრიორიტეტული რეფორმების გატარება, რაც გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად არის აუცილებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend