მთავარისაქართველოკონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

მოქალაქეების პროტესტი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც კონსერვატორიაში რექტორის არჩევის პროცედურა გაუქმდა.

დღეს, 27 სექტემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეების პროტესტი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც კონსერვატორიაში 10 ოქტომბრისთვის დაგეგმილი რექტორის არჩევის პროცედურა გაუქმდა. მინისტრის ბრძანებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან.

,,დღეს, აქ ვინც ვართ, ვცდილობთ, რომ გონივრულად და თანმიმდევრულად მივიღოთ გადაწყვეტილებები მომავალი ნაბიჯებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამ რეპრესიის გამოხატულებას და იმ ძალადობას, რაც ამ ყველაზე დამოუკიდებელ სივრცეში ხდება. ამიტომ, ყველა ვინც აქ ვართ, ვუცხადებთ სოლიდარობას კონსერვატორიას და გვსურს, რომ პროცესები თავისუფლად დამოუკიდებლად წარიმართოს“, – ამბობს გიორგი გიგაშვილი, პიანისტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

,,ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანაში უკვე ძალიან საშიში მდგომარეობაა. იმ თვალსაზრისით, რომ პრაქტიკულად იზღუდება ყველანაირი თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის დიდი პრობლემა არა მარტო კონსერვატორიისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის. დღეს კონსერვატორიაა, მანამდე იყო უამრავი ინსტიტუტი სახელოვნებო დარგში – ხვალ იქნება მთლიანად სახელმწიფო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს გავაპროტესტოთ და დავიცვათ ის უფლება, რომელიც კონსერვატორიას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აქვს“, – აცხადებს მიშა მდინარაძე, კომპოზიტორი.

,,ვაპროტესტებ მინისტრის გადაწყვეტილებას. მას არ ჰქონდა უფლება, რომ ჩარეულიყო აკადემიურ თავისუფლებაში. მას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, რომ ჩაერიოს შემოქმედებით პროცესებში და თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილებები თავს მოახვიოს კონსერვატორიას. იმედს ვიტოვებ, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროტესტი იქნება. განსაკუთრებით ვიმედოვნებ,  რომ მეტი სტუდენტი იქნება წარმოდგენილი, რადგან ამ წუთას ჩვენი ხმა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვუცხადებთ მხარდაჭერას ჩვენს მშობლიურ კონსერვატორიას“, – ამბობს გიორგი გრძელიძე, პიანისტი.

კულტურის მინისტრმა კონსერვატორიაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 20 სექტემბერს, ,,მინისტრის საათის’’ ფორმატის ფარგლებში ისაუბრა. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი კონსერვატორიის ხელმძღვანელობაში თვალშისაცემ ხარვეზებს ხედავს. მისი თქმით, მაშინ როდესაც ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მინისტრმა იგი უნდა შეცვალოს და ამას აუცილებლად გააკეთებს.

მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დრომდე საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება და კონსერვატორია შეძლებს რექტორის არჩევნები კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაატაროს.

კონსერვატორიის აკადემიური საბჭო კი რექტორის არჩევნებზე თეა წულუკიანის ბრძანების გაუქმებას ითხოვს. ამ განცხადებას საბჭოს 7-იდან 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend