ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინიდან მარცვლეულის გატანის გეგმები. რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის შემდეგ, რუსი სამხედროები განუწყვეტლივ ბომბავენ ოდესას, რის გამოც მარცვლეულის საცავები დაზიანდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საპორტო ქალაქ ოდესაზე თავდასხმები არის თავდასხმა “მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ხალხზე.’ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საშუალებით, რომელიც გასულ წელს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის დაიდო, რუსეთის მიერ ბლოკირებული უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდებოდა.
,,ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა მარცვლეულის შეთანხმება და ახლა ოდესის პორტს ბომბავს, ეს არ არის მხოლოდ მორიგი თავდასხმა უკრაინაზე, არამედ ეს არის თავდასხმა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ხალხზე. ასობით ათასს ადამიანს, სასწრაფოდ ესაჭიროება მარცვლეული უკრაინიდან. ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უფრო მეტს ვიმუშავებთ, რომ უკრაინიდან მარცვლეულის გატანა მოხერხდეს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.