მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირში რადიო თავისუფლების დაფინანსებას განიხილავენ

ევროკავშირში რადიო თავისუფლების დაფინანსებას განიხილავენ

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს, თუ როგორ შეუძლია ბლოკს, შეინარჩუნოს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სამსახური მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სააგენტოს დაფინანსების მკვეთრად შემცირების შესახებ გამოაცხადა. ჩეხეთი, სადაც 25 წელია სააგენტოს სათავო ოფისი მდებარეობს, ინიციატივით გამოვიდა, ევროკავშირმა მედიასაშუალება დახურვისგან გადაარჩინოს. ინიციატივას მხარი დაუჭირა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

„დღეს ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩეხეთის ინიციატივას, რომელსაც შვედეთმა ხელი მოაწერა, რათა დავრწმუნდეთ, რომ რადიო თავისუფლება კვლავ იქნება მნიშვნელოვანი ხმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო“, – ამბობს შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ჯესიკა როზენკრანცი.

თუმცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ დაფინანსების მოპოვება მარტივი არ იქნება.

„სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აშშ დაფინანსებას ხსნის. ახლა ჩვენთვის ჩნდება კითხვა, შეგვიძლია თუ არა შემოვიდეთ ჩვენი დაფინანსებით, რათა შევავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც აშშ ტოვებს? ამ კითხვაზე პასუხი ის არის, რომ ავტომატურად ამას ვერ შევძლებთ, რადგან ჩვენთან მსგავსი თხოვნით ბევრი ორგანიზაცია მოდის. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრების სურვილია ეს საკითხი განიხილონ და გამოსავალი გამონახონ“, – განაცხადა კაია კალასმა.

რადიო თავისუფალმა ევროპამ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო, სააგენტო მუშაობს როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend