ევროპარლამენტარებთან მიმართვისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების წესრიგი „ირყევა“ და მიანიშნა, რომ კონტინენტი აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ვეღარ დაეყრდნობა.
ვაშინგტონის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტისა და უკრაინაში რუსეთის აგრესიის სამი წლის შესრულების ფონზე, ევროპარლამენტში ბლოკის ლიდერებმა კონტინენტის თავდაცვის მომავალზე იმსჯელეს.
სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაინმა განაცხადა, რომ ბლოკის წევრმა მთავრობებმა გაერთიანების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხები უნდა გამოიყენონ.
მისი თქმით, ინვესტიციები ფოკუსირებული უნდა იყოს ერთობლივ შესყიდვებზე ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ბლოკი ინდუსტრიული წარმოების გაზრდას წარმატებით გაართმევს თავს, იგი ნებისმიერი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს შეკავებას შეძლებს.
„ილუზიების დრო დასრულებულია. ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე არა შორეულ მომავალში, არამედ დღეს, არა მცირე ნაბიჯებით, არამედ ისეთი სიმამაცით, როგორსაც არსებული მდგომარეობა მოითხოვს. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ იგი მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, შესაძლებელია მხოლოდ მისი შეკავება. ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ჩვენსას აჭარბებს. თუ ვისაუბრებთ რეალურ სამხედრო დანახარჯებზე, ვნახავთ, რომ კრემლი ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე მთელი ევროპა. ევროპის სამხედრო წარმოება ჯერ კვლავ დაბალ დონეზეა. დღითიდღე ფართოვდება იმ საფრთხეების დიაპაზონი, რომელთა წინაშეც ვდგავართ.
ჩვენ საკმარისად დიდები ვართ იმისთვის, რომ შევაკავოთ ნებისმიერი მტრულად განწყობილი სახელმწიფო. გვაქვს შესაბამისი ეკონომიკური ძალაც და ახლა, როგორც იქნა, გვაქვს პოლიტიკური ნებაც. ყველას გვსურს, მეტად მშვიდობიან დროში ვცხოვრობდეთ… დარწმუნებული ვარ, თუ გავზრდით ინდუსტრიულ წარმოებას, შევძლებთ შევაკავოთ ისინი, ვისაც ჩვენთვის ზიანის მიყენება სურს. ევროპული თავდაცვის ერთობის შექმნის დროა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენს კონტინენტზე“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
კომისია ინიციატივას ახალი ფინანსური პროექტის შესახებ ოფიციალურად ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე 20 მარტს წარადგენს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა ისიც, რომ სამხედრო წარმოების პრიორიტეტად ქცევა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე უარყოფითად არ იმოქმედებს. მისი თქმით, პროექტი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ბლოკის კონკურენტუნარიანობაზეც, რადგან ის ევროპაში ახალი ქარხნების შენებასა და ათასობით სამუშაო ადგილის გაჩენას გულისხმობს.
სტრასბურგში სიტყვით გამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტაც. მან ბლოკის თავდაცვის გაძლიერების მიზნით ამ დრომდე გადადგმულ ნაბიჯებსა და ინვესტიციებისთვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებზე ისაუბრა.
„ევროკავშირი გადამწყვეტი მომენტის წინაშეა. ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა გეოპოლიტიკური დაძაბულობა, უზარმაზარი წნეხის ქვეშაა საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წყობა. 3 წელი შესრულდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან და ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ მიიღო სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილება თავდაცვისა და უკრაინის შესახებ… ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი პირობაც დავდეთ. ზუსტად 3 წლის წინ გავაწყვიტეთ ევროპის თავდაცვის გაძლიერება. ბოლო 3 წლის განმავლობაში წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები 30%-ით გაზარდეს. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა კი, მიაღწიეს თავდაცვის ხარჯების 2%-იან ნიშნულს.
უკრაინაში მიმდინარე ომის გაკვეთილებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ ინვესტიციების გაზრდა რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროში, ესენია: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, კიბერომი… ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მეტი სახელმწიფო და კერძო სახსრების მობილიზება თავდაცვისთვის. მივესალმებით კომისიის ინიციატივას, გამოყოს 150 მილიარდი ევრო იმ შესაძლებლობების დასაფინანსებლად, რაც სასწრაფოდ გვჭირდება“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
11 მარტის სხდომაზე ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გაერთიანების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მათ გაუსვეს ხაზი საერთო გრძელვადიანი თავდაცვის სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობასაც, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარსა და მის მიღმა არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.
ახალი ფინანსური ინიციატივა და ევროკავშირის ლიდერების მოწოდებები თავდაცვის ინდუსტრიის დაუყოვნებლივ გაძლიერების თაობაზე კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან ნატოსა და ევროკავშირის ტრადიციულად დისტანცირებული ურთიერთობა შეიცვალა. ამას მოწმობს ევროპარლამენტის მიერ პირველი თავდაცვის კომიტეტის ჩამოყალიბება და ბლოკის ისტორიაში პირველად, თავდაცვის ევროკომისრის თანამდებობის შექმნაც.