მთავარისაქართველო#უკრაინისდაცვა: მსოფლიოს 68 ქალაქში უკრაინის მცველთათვის მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა

#უკრაინისდაცვა: მსოფლიოს 68 ქალაქში უკრაინის მცველთათვის მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა

14-დან 16 ოქტომბრამდე უკრაინელები მსოფლიოს გარშემო ერთიანდებიან და მონაწილეობას იღებენ კამპანიაში, სახელწოდებით #უკრაინის დაცვა, რომელიც ქვეყნის დამცველებს ეძღვნება, ანუ მათ, ვინც ახლა უკრაინისთვის იბრძვის. კამპანია მსოფლიოს 68 ქალაქში ტარდება. თბილისში ამ დღისადმი მიძღვნილი აქცია 14 ოქტომბერს, პარასკევს უნდა გამართულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა კამპანიის რამდენიმე დღით გადადება გადაწყვიტეს.

თავისუფლების მოედანზე საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა უკრაინის დიდი დროშა გაშალეს, ეკრანი დაამონტაჟეს, და ბევრჯერ გადაუხადეს მადლობა უკრაინის მცველებს, ანუ მათ, ვინც უკრაინისთვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის.

„დღეს აქ მხოლოდ მადლობის გადასახდელად მოვედით. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, თითოეული ჩვენგანი, ყოველი უკრაინელი ვგრძნობთ, რამდენად საჭიროა ჩვენი მხარდაჭერა. გვინდა, ჩვენს მცველებს ჩვენი ხმა ესმოდეს და იცოდნენ, თუ როგორი მადლიერნი ვართ.  ყოველი ის ბომბი, რომელიც უკრაინას ხვდება, ჩვენს გულებს ტეხს“, – ამბობს ვლადისლავ ტერნალი უკრაინის მოქალაქე.

„ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი იმას, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. ომი რომ დაიწყო, ბავშვებთან ერთად სარდაფში ვიმალებოდით. წარმოშობით დონბასიდან ვარ. 2014 წელს კიევში გადავედი საცხოვრებლად. თუმცა ომმა ყველგან მომაგნო და იძულებული გავხდი, საქართველოში ბავშვებთან ერთად წამოვსულიყავი იმის იმედით, რომ გადავრჩებოდით. დიდი მადლობა, საქართველო!“, – ამბობს ოლენა სიმონიანი, უკრაინის მოქალაქე.

„თქვენ ალბათ ყველაზე კარგად გესმით, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ უკრაინის მცველები. ჩვენი ჯარისკაცები ახლა მხოლოდ სამშობლოს კი არ იცავენ, რეალურად მთელი სამყაროსთვის იბრძვიან. ბედნიერი ვარ, რომ უკრაინელი ვარ“, – აღნიშნა კატერინა კოზაკმა, უკრაინის მოქალაქემ.

ახლა, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ქართველების მხარდაჭერა უკრაინისთვის. ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია უკრაინის ერთიანობა. სრულიად უცხო ადამიანებს ვხედავ და ვგრძნობ, რომ ჩემი ახლობლები არიან. ვნერვიულობ სამშობლოს გამო, თუმცა მიხარია, რომ უკრაინა საკუთარ თავს ზუსტად ისეთს აჩვენებს, როგორიც არის – ძლიერს!“, – ამბობს კატერინა ჰონჩარენკო, უკრაინის მოქალაქე.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა აქ ვდგავარ. ეს დღე უკრაინელ გმირებს ეძღვნებათ, მათ, ვინც ახლა არმიაშია, რადგან ისინი მართლაც რომ გმირები არიან. გვიცავენ ჩვენ, იცავენ ქვეყანას და ამისთვის საკუთარ სიცოცხლეს წირავენ. მადლობა საქართველოს იმისთვის, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ტაისია კარპლუკმა, უკრაინის მოქალაქემ.

უკრაინის დამცველთათვის მიძღვნილ დღეს აქციაზე შეკრებილებს ქართველმა და უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეკრანიდან მიმართეს.

„ძვირფასო ქართველო ხალხო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ამ მძიმე მომენტში. ერთად დავამარცხებთ ბოროტებას, რომელიც თქვენსა და ჩვენს მიწას ეწვია“, – მიმართა აქციის მონაწილეებს აზოვის პოლკის შტაბის უფროსმა​ ბოჰდან კტორევიჩმა.

„თქვენი ჩვენთან ერთად დგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ილია სამოილენკომ, პოლკის მეთაურის მოადგილემ.

„გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველს, რომელიც ახლა უკრაინაშია. მადლობა გვერდით დგომისთვის, ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის, მადლობა იმისთვის, რომ იბრძვით ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის მთლიანობას. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“, – განაცხადა ოლეგ სუპერეკამ, უკრაინის სპეცრაზმის მებრძოლმა.

„მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ ძმებს, ამ რთულ დროს რომ უჭერენ მხარს  უკრაინას. თქვენ კარგად იცით, რა არის ომი და ტერიტორიების ოკუპაცია. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ დამპყრობლის დამარცხებასა და უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. მე მარიუპოლს ვიცავდი. მე ვარ ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგან, რომლებიც ტყვეების გაცვლის შედეგად გათავისუფლდნენ. მადლობა ამისთვის“, – ამბობს მარიუპოლის მცველი.

უკრაინის მოქალაქეების თქმით, მათთვის თავისუფლების მოედანზე დგომა მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული უკრაინელი ახლა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებისთვის იბრძვის. აქციის დასასრულს მონაწილეებმა  ე.წ. “დაცვის წრე“ შეკრეს და კიდევ ერთხელ გაისმა თბილისიდან უკრაინის ჰიმნი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend