ხერსონის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა ათეულობით კილომეტრით წაიწიეს წინ. რუსეთი უკრაინის ანექსირებული ტერიტორიებიდან სრულად ვერც ერთს ვეღარ აკონტროლებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. მისი თქმით, სამხრეთში უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის ხაზები და წინ მიიწევენ ქვეყნის აღმოსავლეთშიც, რაც საფრთხეს უქმნის იმ მარშრუტებს, რომელთა საშუალებითაც ოკუპანტებს ამარაგებდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონის, ხარკივის, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში, სადაც ე.წ. ფსევდორეფერენდუმები ჩატარდა, უკვე გათავისუფლებულია ათეულობით სოფელი და დასახლებული პუნქტი.
შეერთებულ შტატებში კი განაცხადეს, რომ უკრაინას დამატებით 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გამოუყოფენ. როგორც თავდაცვის მდივანი ამბობს, პაკეტში გათვალისწინებულია უფრო მეტი სისტემა და აღჭურვილობა, რომელსაც უკრაინელები კარგად იყენებენ.
რუსეთი კი კვლავ ესხმის თავს, როგორც თავად უწოდებს, სტრატეგიულ სამიზნეებს. კადრებში ხარკივის ელექტროქვესადგურსა და ერთ-ერთ ქარხანაზე მიტანილი იერიშის კვალი ჩანს.
ასევე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ დონეცკში, მობილიზებულთა წვრთნები მიმდინარეობს. კრემლი გეგმავს 300 000 მოქალაქის გამოძახებას. თუმცა როგორც თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, გაიწვევენ მხოლოდ მათ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს ან სამხედრო სამსახური აქვს გავლილი.