მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირის ლიდერები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს აფასებენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს აფასებენ

ევროკავშირის საბჭოს სპეციალურ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცეს. გადაწყვეტილება ერთსულოვნად, 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე, მიიღეს.

დამტკიცებული პაკეტი ითვალისწინებს 2024-2027 წლების განმავლობაში უკრაინის საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, 33 მილიარდი ევროს მოცულობის სესხებითა და 17 მილიარდი ევროს მოცულობის გრანტებით.

„დღეს ევროპისთვის კარგი დღე იყო. რამდენიმე კვირაა, რაც ჩვენი უკრაინელი მოკავშირეები ელოდნენ, შევძლებდით თუ არა მათ დახმარებას. ჩვენ შეთანხმებას საკმაოდ სწრაფად მივაღწიეთ და რაც მთავარია ყველა წევრი სახელმწიფო თანახმაა. ვითარება ნაკლებად იდეალური იქნებოდა, თუ ამ შეთანხმებას მხოლოდ 26 სახელმწიფო შეუერთდებოდა. უკრაინისთვის დახმარების გაწევა აუცილებელია. აუცილებელია ასევე რუსეთის ფედერაციისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაც და ეს მნიშვნელოვან საკანონმდებლო საქმიანობას გულისხმობს“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

„დღეს ევროკავშირმა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. 27 წევრი სახელმწიფოს მეთაური შეთანხმდა მთელ რიგ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შესაძლებელი გავხადეთ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის რესურსისთვის თავმოყრა, ეს ძალიან მკაფიო გზავნილია როგორც კიევისთვის, ასევე მოსკოვისთვის, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერით არ დავიღლებით, ევროკავშირი ერთიანია და ჩვენ რუსეთის არ გვეშინია. ეს გახლავთ გზავნილი ამერიკელი მოკავშირეებისადმიც, ყველასადმი ვინც ასევე უჭერს მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ შევძელით შეთანხმება სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, იქნება ეს მიგრაცია, ტექნოლოგიური წინსვლა თუ თავდაცვა. უკრაინის საკითხი თავისთავად პრიორიტეტულია და ამ მოცემულობას დღევანდელი გადაწყვეტილებებიც ადასტურებენ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

„ეს ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე სამიტი იყო. მხოლოდ ამ თვალსაზრისითაც შეიძლება ჩაითვალოს ეს ისტორიულ შეხვედრად, მაგრამ ამავე დროს ეს გახლავთ წარმატების შესახებ ისტორიაც. კარგი ამბებია ევროკავშირისთვის და კარგი ამბებია უკრაინისთვისაც. ეს ძალიან წარმატებული სამიტი იყო. დიდი წინსვლა არის უკრაინისთვის ორმხრივ ფორმატში სამხედრო დახმარების მიწოდების თვალსაზრისითაც, ევროკავშირი უკრაინაში დადებით სიგნალს აგზავნის“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend