საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღე რჩება. მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თავისი კონკურენტის მარი ლე პენის წინააღმდეგ არაერთ განცხადებას აკეთებს.
ე.წ. რესპუბლიკური ფრონტი ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ – ეს დაპირისპირება საფრანგეთში ბოლო ათწლეულები ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა.
თუმცა ფრანგი ამომრჩევლების ნაწილი, განსაკუთრებით მემარცხენეები, არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს.
„ბიულეტინს ცარიელს დავტოვებ. ეს ჩემთვის პირველი საპრეზიდენტო არჩევნებია. არ მინდა, ხმა მაკრონს მივცე, ჩემს თავს ამას ვერ ვაიძულებ“, – ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.
მეორეს კი მიაჩნია, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში მას ბევრი არაფერი გაუკეთებია. მას ეჭვი ეპარება, რომ მომავალში რამე შეიცვლება“.
„არც ერთი კანდიდატი არ მომწონს. ამბობენ, რომ ულტრამემარჯვენეებს ხმა არ უნდა მივცე, ვერ ვხვდები საერთოდ, ვინ უნდა ავირჩიო“, – ამბობს კიდევ ერთი ამომრჩეველი.
ფრანგი ამომრჩევლის უმეტესობა ლე პენს ხმას პრინციპულად არ აძლევს, სწორედ ამ ამომრჩევლის გადმობირებას ცდილობენ მაკრონის მხარდამჭერი აქტივისტები.
„თუ ბიულეტენს არ შეავსებენ, ნიშნავს, რომ ლე პენს აძლევენ ხმას და სწორედ ის მოვა ხელისუფლებაში. ახლა იმის დრო არ არის, ეთანხმები თუ არა მაკრონს. მთავარი საკითხია, გჯერა თუ არა კანონის, რესპუბლიკის, ევროპის და იმ ფასეულობების, რომლებზეც ჩვენი საზოგადოებაა დაფუძნებული“, – ამბობს აქტივისტი ბარბარა გრანატელი.
ფრანგი პოლიტიკოსების უმრავლესობა მხარს ემანუელ მაკრონს უჭერს, რომელიც ამ არჩევნებში ჯერ კიდევ ფავორიტია. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბალანსი არ არის ისეთი, როგორიც ხუთი წლის წინ იყო.
„რესპუბლიკელებს ჟან-ლუკ მელენშონის ამომრჩევლის და უფრო კონკრეტულად კი მემარცხენეების, მწვანეების, სოციალისტური პარტიის, კომუნისტური პარტიის ამომრჩევლების მობილიზება გაუჭირდებათ… ასე რომ, მეორე ტურის კამპანია დიდ წილად მემარჯვენე ამომრჩეველზეა დაფუძნებული. რესპუბლიკელებს მეტის გაკეთება მოუწევთ, რომ ამ ამომრჩეველმა მათზე უარი არ თქვას“, – ამბობს პოლიტოლოგი მარსიალ ფუკო.
ემანუელ მაკრონი საზოგადოებას ბევრ რამეს ჰპირდება. მან საპენსიო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით უკან გადადგა ნაბიჯი. მან ასევე დადო პირობა, რომ ჟან-ლუკ მელენშონის მიერ მხარდაჭერილ „ეკოლოგიურ გეგმას“ შეასრულებს.
2002 წელს, როდესაც მარი ლე პენის მამამ არჩევნების მეორე ტურამდე მიაღწია, რესპუბლიკელები უფრო ერთიანი იყვნენ. ოცი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. კვირას ცნობილი გახდება, დღეს რამდენად ძლიერია რესპუბლიკური პარტია.