საფრანგეთის საზღვაო ფლოტმა, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ატლანტის ოკეანეში დააკავა რუსული ტანკერი, რომელსაც საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული.
ეს ევროპელი პარტნიორების მხრიდან რუსულ სანქცირებულ ნავთოტანკერებთან და „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის მორიგი ნაბიჯია. ევროპის მიზანია შეამციროს რუსული ნავთობის ექსპორტი და დაასუსტოს რუსეთის ეკონომიკა, რომელიც უკრაინაში ომს აფინანსევს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მოკავშირეებთან პარტნიორობით, საფრანგეთმა ტანკერი, სახელწოდებით „ტაგორი“, კვირას დააკავეს და გემის ბორტზე საფრანგეთის საზღვაო ძალები ავიდნენ. ემანუელ მაკრონმა სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც გააზიარა.
„საფრანგეთის საზღვაო ძალებმა გუშინ დილით რუსეთიდან მომავალი ნავთობის ტანკერი „ტაგორი“ დააკავეს. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა. ეს ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, ღია ზღვებში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერითა და საზღვაო სამართლის მკაცრი დაცვით შესრულდა. მიუღებელია, რომ გემები გვერდს უვლიან საერთაშორისო სანქციებს, არღვევენ საზღვაო სამართალს და აფინანსებენ ომს, რომელსაც რუსეთი უკვე 4 წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ეს გემები, რომლებიც ნავიგაციის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი არ იცავენ, საფრთხეს უქმნიან გარემოსა და ყველას უსაფრთხოებას“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტმა.
რუსული გემის დაკავება დაგმო კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მისი განცხადებით ნავთობის ტანკერის დაკავება უკანონოა და საფრანგეთი საერთაშორისო სამართალის ნორმებს არღვევს.
„ჩვენ ასეთ ქმედებებს უკანონოდ მივიჩნევთ. ეს საერთაშორისო მეკობრეობას უტოლდება. კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით ხორციელდება. როგორც იცით, რუსეთი ატარებს სხვადასხვა ზომას თავისი ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამას მომავალშიც გააგრძელებს, ამ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
ამ დროისთვის ევროკავშირს დაახლოებით 600 რუსული და რუსულ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული გემი ჰყავს დასანქცირებული. ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ ასობით ძველი ნავთობტანკერისგან შედგება, რომელთა წარმომავლობა გაურკვეველია და ისინი სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავენ. ფლოტს რუსეთი საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით იყენებს. ევროკავშირმა და უკრაინის მოკავშრე ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებენ. 2025 წლის სექტემბრიდან მოყოლებული საფრანგეთმა „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული სამი გემი დააკავა.
