კრემლის მოთხოვნაზე მიეღო წერილობითი პასუხი ვაშინგტონისგან დაკმაყოფილებულია, გუშინ ამერიკის ელჩმა გზავნილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პირადად მიიტანა. წერილი საჯარო არაა, თუმცა ცნობილია, რომ მოსკოვმა ამერიკისგან მთავარ მოთხოვნებზე უარი მიიღო.
შესაბამისად, რუსი მაღალჩინოსნები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
”რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, ის იძლევა იმედს მეორეხარისხოვანი საკითხების შესახებ დიალოგის გაგრძელების მიმართულებით. მთავარ საკითხზე კი დადებითი პასუხი არ არის”,- აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ვაშინგტონის მიერ მოსკოვისათვის გაცემული წერილობითი პასუხის სრული შინაარსი უცნობია, მაგრამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ მედიაში წერს რომ წერილის შინაარსი კიევში ცნობილი და მისაღებია.
“სანამ წერილს რუსულ მხარეს გადასცემდნენ, ჩვენ მას გავეცანით. ტექსტი უკრაინისთვის სრულიად მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი კიევთან მუდმივ კავშირშია ვიდრე რუსეთთან ექნება კომუნიკაცია. არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე – ეს ოქროს წესია”, – მიიჩნევს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
პოლიტიკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთის ფედერაციის პირისპირ არ დატოვებს.
”არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ნატო არ არიან მზად განიხილონ უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვა, ეს კი მოსკოვის მთავარი მოთხოვნის საპირისპიროა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით სანერვიულო არ აქვს, დასავლეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანია”, – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი პეტრო ბუკოვსკი.
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გრძელდება, მოსკოვმა ჯარები ანექსირებულ ყირიმსა და ბელარუსის ტერიტორიაზეც გადაისროლა.