რუსულმა სახელმწიფო კომპანია, “გაზპრომმა” ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილების შედეგად ბუნებრივი აირის საერთაშორისო ბაზარზე იმატა გამოწვევებმა, ვინაიდან შესაბამის ორგანიზაციებს აღებული ვალდებულებების შესრულება უჭირთ.
ნიდერლანდების მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ზამთრის დადგომამდე რეზერვებს თხევადი აირით შეავსებენ.
“გაზპრომმა” გადაწყვეტილება ნიდერლანდების მიერ ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ ვალუტაში გადახდის შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ მიიღო.
მსგავსი ვითარებაა დანიის სამეფოშიც, კოპენჰაგენიც უარს აცხადებს, ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ ვალუტაში გადახდაზე. დანიის სამეფო ბუნებრივ აირს ევროპელი პარტნიორებისგან შეისყიდის.
ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ლიდერები კი რუსული ნავთობის იმპორტის ორი მესამედით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსული არმია დიდ ფინანსურ დანაკარგს მიიღებს.
“ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსული ნავთობის იმპორტი 75 პროცენტით შემცირდება, წლის ბოლომდე კი 90 პროცენტით“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
მოსკოვისათვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების ფონზე ბრიუსელი კიევს ხორბლის ექსპორტშიც დაეხმარება. უკრაინის ხელისუფლების თქმით, მოსკოვმა 22 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტს შეუშალა ხელი და შედეგად გლობალური მასშტაბის კრიზისის საშიშროება შექმნა.