მთავარიევროპასერბეთი„ველოდებით ულტიმატუმის შესრულებას” - სერბეთში მასშტაბური აქციები გრძელდება

„ველოდებით ულტიმატუმის შესრულებას” – სერბეთში მასშტაბური აქციები გრძელდება

სერბეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა კვლავ არ წყდება.

შეტაკებები მოხდა დედაქალაქ ბელგრადში, სერბეთის პოლიციასა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს შორის. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულების მიზნით გამართული მასშტაბური დემონსტრაცია ძალადობრივად დაშალა. პოლიციამ დააკავა რამდენიმე ათეული მომიტინგე, შეტაკებების დროს დაშავდა 6 პოლიციელი.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დედაქალაქის ქუჩებში ნაგვის ურნებისა და ლითონის ბარიკადები ააწყვეს, ასევე გადაკეტეს მდინარე სავაზე გამავალი ხიდიც – პროტესტში ჩართული მოქალაქეები აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ბელგრადის ქუჩებში კვლავ დაბრუნდებიან და აქციას ისევ გამართავენ.

„ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ ვუჩიჩის დამხობა გვინდა”, „ველოდები სტუდენტების ულტიმატუმის შესრულებას“, – ჰყვებიან დემონსტრანტები.

ანტისამთავრობო დემონსტრაცია ბელგრადში. 28 ივნისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Marko Drobnjakovic

ბლოკადა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, მთავრობის მიმართ არსებული წინააღმდეგობის ნაწილია, რომელიც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში ახლად გახსნილი რკინიგზის სადგურის ჩამონგრევას მოჰყვა. შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დემონსტრანტები სახურავის ჩამონგრევას ქვეყნის ხელისუფლებაში ფესვგადგმულ კორუფციასა და ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი უყურადღებობას აბრალებენ.

თავად ვუჩიჩი ბოლო 8 თვის განმავლობაში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებში ჩართულ სტუდენტებსა და მათ პროფესორებს სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში სდებს ბრალს. იგი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ძალადობრივი პროტესტების უკან უცხოური ძალა დგას.

„სერბეთმა გაიმარჯვა. სერბეთს ძალადობით ვერ გაანადგურებ, როგორც ეს ზოგიერთს სურდა. სერბეთი არასდროს გაჩერდება. უნდა აღვნიშნო, რომ ვამაყობ სერბეთის პოლიციის პროფესიონალიზმით, რომელიც გასულ ღამეს გამოავლინეს. პოლიციაზე თავდასხმის გამო უფრო მეტ ადამიანს დააპატიმრებენ. ეს არაა დასასრული. ვმუშაობთ ყველა თავდამსხმელის იდენტიფიცირებაზე.

ჩვენ უნდა მივმართოთ ყველას, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ვესაუბროთ მათ, დავიწყოთ დიალოგი. ტერორისტებსა და მათთან, ვისაც სახელმწიფოს განადგურება სურს, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მათ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ მათთან, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს, ვინც არ არის კმაყოფილი დემოკრატიის დონით, ვინც ფიქრობს, რომ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ – ამის გაკეთება მოგვიწევს. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ შურისძიების ენით. პასუხისმგებლობა  ჩვენი მომავლის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ვუჩიჩი, ერთ დროს ექსტრემისტი ნაციონალისტი, სერბეთის სათავეში ათ წელზე მეტი ხნის წინ მოვიდა და მას შემდეგ, მისი მმართველობის სტილი სულ უფრო ავტორიტარული ხდება.

მიუხედავად ევროკავშირში გაწევრების სურვილის შესახებ მისი ოფიციალური განცხადებებისა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვუჩიჩმა ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფლებები შეზღუდა და პარალელურად, გააღრმავა კავშირები რუსეთსა და ჩინეთთან.

მასშტაბური დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევის შემდეგ საპროტესტო აქციების ლიდერმა სტუდენტებმა ვუჩიჩის მთავრობა დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ ძალადობა და რეპრესიები არჩია. როგორც სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ვითარების ნებისმიერი ფორმით დამძიმებაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის პოპულისტურ მთავრობას დაეკისრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend