მთავარიკუბივაშინგტონი მოსკოვს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს

ვაშინგტონი მოსკოვს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ პროპაგანდისტულ მედია „რაშა თუდეის” სანქციები დაუწესა, ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება. სანქციები დაეკისრა ათ ფიზიკურ პირს, რომელთა შორის სიაში პირველი „რაშა თუდეის” მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანია, ასევე ორ ორგანიზაციას. ამავდროულად, შეზღუდვები დაუწესდა მედიაჯგუფ „რასია სევოდნიას“ და მის შვილობილ კომპანიებს, რომელთა შორისაა „რია ნოვოსტი” და „სპუტნიკი”.

განცხადებას აქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც და აღნიშნავს, რომ შემოიღეს სავიზო შეზღუდვა მათთვის, ვინც დაკავშირებულია კრემლის მედიასთან.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს ვიზის შეზღუდვის ახალი პოლიტიკის შესახებ გარკვეული პირების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ კრემლის მიერ მხარდაჭერილი მედიაორგანიზაციების სახელით, იყენებენ ამ ორგანიზაციებს ფარული საქმიანობისთვის და პასუხისმგებელნი არიან, ან თანამონაწილეობენ ფარული გავლენის გავრცელებაში. ჩვენ ვიღებთ ამ ზომებს კონკრეტულად ამ პირების მიმართ მათი ბოროტი და ფარული ქმედებების გამო“, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამთავრობო აქტორები უკვე დიდი ხანია იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როგორებიცაა: გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, „დიპფეიკი” და დეზინფორმაცია, რათა შეარყიონ ნდობა შტატებში საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ.

ცალკე განცხადება გაკეთდა გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის მხრიდანაც. მან ისაუბრა სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებაც, რომელშიც ბრალი დასდო „რაშა თუდეის” ორ თანამშრომელს, კონსტანტინ კალაშნიკოვსა და ელენა აფანასევას. გარლენდის თქმით, მათ გადაუხადეს ერთ-ერთ კომპანიას 10 მილიონი დოლარი შტატ ტენესიში იმისათვის, რომ მათ ამერიკელი ინფლუენსერებისთვის რუსეთისთვის საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინათ. მას კონკრეტულად კომპანიის სახელი არ უთქვამს, თუმცა სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული აღწერა ზუსტად დაემთხვა კომპანია „ტენეტ მედიას”, ონლაინ-კომპანიას, რომელიც ავრცელებს ცნობილი კონსერვატორი ინფლუენსერების ვიდეოებს, მათ შორის, ტიმ პულის, ბენი ჯონსონისა და სხვების. მათ უკვე გააკეთეს კომენტარები ამ საკითხზე და ამტკიცებენ, რომ არიან სავარაუდოდ რუსული დეზინფორმაციის კამპანიის მსხვერპლნი, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ ეს ჯერჯერობით ბრალდებაა და არაფერია დამტკიცებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend