მთავარიმსოფლიო2021 წელი კიევსა და მოსკოვს შორის

2021 წელი კიევსა და მოსკოვს შორის

2021 წელი მოსკოვსა და კიევს შორის გამოუცხადებელი ომის კიდევ ერთი წელი იყო, მთელი წლის განმავლობაში ევროპაში სიდიდით ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის კონვენციური ომის დაწყების საშიშროება არ განელებულა.

დონბასში სამხედრო მოქმედებები წლის დასაწყისიდანვე დიდი დანაკარგების ფონზე დაიწყო. 2021 წელი 2020 წელთან შედარებით ორჯერ მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა პრო – რუს სეპარატისტებთან და რუსეთის ფედერაციის არმიის ჯარისკაცებთან შეტაკებებისას.

2021 წლის მარტში კი პირველად გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ დონბასის რეგიონთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე, დიდი რაოდენობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო და საზღვაო შენაერთების მობილიზაციის შესახებ. უკრაინის მოსაზღვრე, რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებში, 100 ათასამდე ჯარისკაცი იყო მობილიზებული.

16 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ჟენევაში. ორი პრეზიდენტის შეხვედრისას განხილულ საკითხებს შორის უკრაინა მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი საკითხი იყო, შეიარაღების კონტროლი, ალექსეი ნავალნი და ციფრული უსაფრთხოება, ისევე როგორც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენის საკითხი, უკრაინის საკითხს წინ უსწრებდა.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან მოსკოვის მიერ უფრო მეტი არტილერიის, ტანკების, სამხედრო დრონებისა, სხვადასხვა მძიმე და მსუბუქი ტიპის შეიარაღების მობილიზაციის ფონზე უკვე 7 დეკემბერს ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე საუბარი შედგა. ვიდეო კონფერენციისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში მიუღებელი იყო, ჯო ბაიდენი კი კრემლს უმძიმესი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მანევრების ფონზე შედგა მესამე საუბარიც. სატელეფონო საუბარი რუსეთის ლიდერის მოთხოვნით გაიმართა, ვლადიმერ პუტინი მოითხოვს სამართლებრივად გამყარებულ გარანტიას რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, ვაშინგტონში კი აცხადებენ რომ ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ შეახსენა ვლადიმერ პუტინს კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობის არსებობა.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის არმია რჩება, ჟენევაში კი 2022 წლის 10 იანვარს რუსი და ამერიკელი დიპლომატები შეიკრიბებიან, ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. იმავე კვირაში ასევე გაიმართება შეხვედრები ნატო რუსეთის კომისიის სხდომისა და ეუთოს სამიტის ფარგლებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend