ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი, თებერვლის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩასვლასა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ უმაღლესმა ევროკომისარმა ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში ვიზიტის მთავარი მიზანი რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განხილვაა და ასევე ქვეყენაში მიმდინარე მოვლენები. კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და მისი მხარდამჭერები დაუყონებლივ გაათავისუფლონ. პრესკონფერენციაზე ჟოზებ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუ რუს ოპოზიციონერს შეხვდება.
„საბჭო გმობს მასობრივ დაკავებასა და პოლიციის მიერ გამოვლენილ სისასტიკეს. მოვუწოდებთ რუსეთს, ნავალნისა და აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებისკენ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელიმ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. ის მკურნალობას ბერლინში შარიტეს კლინიკაში გადიოდა. საავადმყოფოს საბოლოო დასკვნის მიხედვით, ნავალნი “ნოვიჩოკის” სახის ნერვული ნივთიერებით იყო მოწამლული.
რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის გამო, ევროკავშირმა სანქციები 6 რუსს მაღალჩინოსანს დააკისრა.