მთავარი ამერიკა აშშ ენტონი ბლინკენი: თუ რუსული ჯარები უკრაინაში შევლენ, გვექნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი...

ენტონი ბლინკენი: თუ რუსული ჯარები უკრაინაში შევლენ, გვექნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი

ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, მოკავშირეებთან ერთად ჩამოაყალიბოს საერთო პოზიცია უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამასობაში გერმანიის საზღვაო ძალების მეთაური იძულებული გახდა, პუტინის მხარდამჭერი განცხადების გამო გადამდგარიყო.

„პირველ რიგში, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი სახის აგრესიის შემთხვევაში, თუ რუსული ჯარები უკრაინაში შევლენ. გვექნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი“, –  განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საელჩოში დასაქმებული პირების ოჯახის წევრთა ევაკუაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. ასევე ის თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან.

ახალი პოზიციების შესაჯერებლად ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები კი ორშაბათს იკრიბებიან.

„მძიმე გარემოებებისთვის ვემზადებით. უნდა გვქონდეს სანქციების სათანადო პასუხის გარკვეული გეგმა. ახლა მე მათ არ ჩამოვთვლი, მაგრამ ევროპა ამისთვის მზად უნდა იყოს“, – ამბობს საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში კლემენ ბონი.

დიდ ბრიტანეთს ყველაზე მკაცრი პოზიცია აქვს. ლონდონმა რუსეთი დაადანაშაულა, რომ ის კიევში პრორუსი ლიდერის დანიშვნას აპირებს.

„ჩვენ ორი რამის თქმა გვინდა. პირველი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინა თავისუფალი ქვეყანაა. მან საკუთარი ბედი თვითონვე უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ მათ თავის დაცვაში დავეხმარებით. ამავდროულად, ნატოს ევროპული წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო მოკავშირეები მათ გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას ან მარიონეტი მმართველის დაყენებას შეეცდება, მაშინ ამას სათანადო და მტკიცე პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა.

მოსკოვი კი დასავლეთისგან გარანტიებს ითხოვს, რომ ნატო არ გაფართოვდება და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჯარსა და იარაღს არ განათავსებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend