ევროპამ უარი უთხრა რუსეთის მოთხოვნას, მოიხსნას მასზე დაკისრებული სანქციები, რასაც კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის შემდეგ ითხოვდა. ამის შესახებ პარიზში გამართული “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ლიდერები შეთანხმდნენ, უკრაინის სამხედრო გაძლიერების მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნაზე, რომელიც კიევის საჭიროებებს განსაზღვრავს.
სხვა ჯგუფი კი უკრაინაში გაეროს ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ძალების განთავსების პერსპექტივას შეისწავლის.
“დღევანდელი გადაწყვეტილებები ერთხმად მივიღეთ. ხაზი გავუსვით, რომ სანქციების მოხსნის დრო ახლა არაა, თუ რა თქმა უნდა მშვიდობას არ მივაღწევთ. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით და გავაგრძელებთ მობილიზებას.
განვიხილეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის საკითხიც უკრაინის დასახმარებლად. რათა ცეცხლი შეწყდეს ცაში, ზღვაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
რჩება კითხვა, მივცეთ თუ არა ეს მანდატი გაეროს, რათა გაუწიოს მონიტორინგი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ფრონტის ხაზს და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.
ჩვენ დავავალეთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს, განიხილონ ეს თემა და პასუხით 3 კვირაში დაგვიბრუნდნენ. ეს იქნება პასუხი სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობისთვის,რომელსაც ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ.
მესამე საკითხია უსაფრთხოების გარანტიები, როგორ უნდა დარჩეს უკრაინა მომავალი თავდასხმებისგან დაცული, თავისუფალი და სტაბილური ქვეყანა. ბევრი თვლის რომ ამ მხრივ არ არსებობს სიცხადე.
ჩვენი პრიორიტეტია კარგად აღჭურვილი უკრაინული ჯარი, ამიტომაც შევთანხმდით, რომ გაერთიანებული შტაბების უფროსები დაიწყებენ მუშაობას უკრაინელებთან ერთად, რათა განისაზღვროს უკრაინული ჯარის საჭიროებები. ეს გულისხმობს შესაბამის შეიარაღებას, თუ რა არის საჭირო და რა რაოდენობით. ამ მხრივ არაფერია გამორიცხული. ნათელია,რომ რუსეთს არ მოსწონს ეს იდეა, თუმცა რუსეთი ვერ გვიკარნახებს, თუ რა იქნება უკრაინის ტერიტორიაზე.
ჩვენ ამაზე შევთანხმდით და მუშაობას ვაგრძელებთ. სამშვიდობო ძალების საფრანგეთისა და ბრიტანეთის ინიციატივაა, უკრაინაში მათი ყოფნის მიზანი არ იქნება ფრონტის ხაზზე მუშაობა, არამედ შეთავაზება ევროპულ გარანტიებს უკრაინას სამომავლო რუსული აგრესიის შემთხვევაში. მასში ჩართული იქნება გარკვეული ევროპული ქვეყნები და არა ყველა მათგანი.
მთავარ საკითხად რჩება თავდაცვა. გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდა და თანამშრომლობის გაძლიერება თავდაცვის ინდუსტრიის თვალსაზრისით”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის აზრს იზიარებენ გერმანიაშიც. ოლაფ შოლცი თვლის,რომ სანქციების მოხსნა რუსეთისთვის შეცდომა იქნება.
“სანქციების შეჩერება სერიოზული შეცდომა იქნება. სანქციები უნდა გაგრძელდეს და მომავალში გაფართოვდეს. ევროპასა და აშშ-ს უნდა ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია უკრაინის სამომავლო მხარდაჭერაზე. არ აქვს აზრი სანქციების დასრულებას ვიდრე მშვიდობა არაა მიღწეული. სამწუხაროდ ამჟამად მისგან შორს ვართ.
ჩვენ ვიხილეთ თუ სადამდე მივიდა მოლაპარაკებები. დასრულების შემდეგ რუსეთი ყოველ ჯერზე ახალი პირობით გამოდის, ამისგან კი ძალიან ნათელი დასკვნა გამომდინარეობს, რომ რუსეთი ამჟამად არ არის დაინტერესებული რეალური მშვიდობით.
უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას. ეს მოემსახურება უკეთეს შესაძლებლობას უკრაინისთვის, რაც მთავარია სამართლიან მშვიდობას “, –აღნშნა კანცლერმა.