მთავარისაქართველო20 ივნისის პროტესტი - საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს უნდა...

20 ივნისის პროტესტი – საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დავა დაიწყო. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას 20-21 ივნისის საქმეებზე მისი პოზიციის წარდგენის ვადა განუსაზღვრა. ახლა საქართველოს  სახელმწიფომ ევროპულ სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოებული მასალები უნდა გააგზავნოს და საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს. სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამრთლოში 22 პირის სახელით, საქართველსო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამინის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა, 2021 წლის 7 აპრილს წარადგინეს.

2019 წლის 20 ივნისი… რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვება მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეას. ამას მოჰყვება ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი, რომლებიც ღონისძიების ჩაშლას ცდილობენ… პროტესტის მთავარი არგუმენტი არასასურველი სტუმრის, სერგეი გავრილოვის დამოკიდებულებაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ის აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს.

საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიება ვეღარ გაგრძელდა, თუმცა გაგრძელდა პროტესტი – უფრო მწვავე და მასშტაბური. 20 ივნისს, 19 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ სხვადასხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა და ათასობით მოქალაქემ მოიყარა თავი. საკანონმდებლო ორგანოს წინ ისინი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას, რომლის ნებართვითაც შედგა ეს ღონისძიება და სტუმრები რუსეთის საკანონმდებლო ორგანოდან მოიწვიეს.

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიტიკოსებისა და აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობდა. იმ დროს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიას უთხრა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ცრემლსადენ აირსა და რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებდნენ. ამ განცხადებიდან მალევე სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქციის დაშლა დაიწყეს და გამოიყენეს ცრემლსადენი აირი,  რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმ ღამეს სამედიცინო დაწესებულებებში  სხვადასხვა დაზიანებით 240 მოქალაქე მოხვდა. დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, აქციის მონაწილეები და თავად სამართალდამცველებიც. 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა. 3 კი რეანიმაციაში მკურნალობდა. დააკავეს 300-ზე მეტი მოქალაქე.

20-21 ივნისის საქმეზე 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ყველა ბრალდებულს ამნისტია შეეხო. ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 22 პირის სარჩელის საფუძველზე უნდა იმსჯელოს იყო თუ არა სახელმწიფოს რეაგირება სამართლიანი 20 ივნისს დაწყებულ პროტესტზე.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend