აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ცესკომ მიიღო დადგენილება, კოვიდინფიცირებული, ასევე კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
შესაბამისი დადგენილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე მცდელობით, 21 სექტემბერს მიიღო. დადგენილების პროექტს მხარი კომისიის 12-მა წევრმა დაუჭირა, 5-მა კი თავი შეიკავა. ეს საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო ერთხელ ჩავარდა. საკითხის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი სპეც. ჯგუფების წევრთა დაინფიცრების რისკი და თვითმმართველობის არჩევნების ადმინისტრირების საკითხი იყო.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, დაკომპლექტდება სპეციალური ჯგუფები და ისინი ამომრჩევლებთან ადგილზე გადასატანი ყუთით მივლენ, თუმცა ასეთ უბნებზე მოქალაქეები ხმას მისცემენ მხოლოდ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს პროპორციული სიით. სპეციალურ უბნებზე მოქალაქეები მაჟორიტარული სიით არჩევანს ვერ გააკეთებენ.
ასეთი მეთოდით არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც სპეციალურ სიაში მოსახვედრად 27 სექტემბრის, 22:00 საათამდე ცესკოს ცხელ ხაზზე გაივლიან რეგისტრაციას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეორე არჩევნებია, რომელიც საქართველოში პანდემიის დროს ჩატარდება. იზოლაციაში, კარანტინსა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს სპეციალური რეგისტრაციის გავლის შემდეგ ხმის მიცემის უფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ.