ახალი შეზღუდვები არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კი შეიზღუდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ. არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების დაწესება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
მისივე თქმით, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.
„იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს; ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას“, – განაცხადა ღიბრაძემ.