მთავარისაქართველომმართველი პარტია ექვსმა დეპუტატმა დატოვა

მმართველი პარტია ექვსმა დეპუტატმა დატოვა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა. მათი განცხადებით, ისინი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ახალ პარტიას შეუერთდებიან და დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას განახორციელებენ.

“ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე. შესაბამისად ვტოვებთ “ქართულ ოცნებას” და პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები”, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.


დეპუტატის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ის, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი საკუთარ საქმიანობას გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი და აქტიურად იქნება ჩართული პარტიის მშენებლობის პროცესში.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილისა და მისი გუნდის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ არასწორია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესებით იხელმძღვანელა.

“ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია, უბრალოდ სირცხვილია, როცა შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო”,-ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, ისინი აცხადებენ, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება ცნობილი მხოლოდ საჯარო სივრციდან გახდა.

ოპოზიციის ნაწილი დიდი ხნის წინ აანონსებდა ქართული ოცნების ცალკეული დეპუტატების გახარიას გუნდში გადასვლას.

მთავრობის ოპონენტების აზრით, გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის კურსს გააგრძელებს.

“მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის “ბე” გუნდის გაკეთების მცდელობა ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს”,-ამბობს პარტია “ევროპული სქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან დეპუტატების წამოსვლა ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს.

“ეს ერთი და სხვა მრავალი. ამას ვუსურვებდი ქართულ ოცნებას.”

საქართველოს პარლამენტში ფრაქციის შექმნას ექვსი დეპუტატის შეკრება სჭირდება.

ჯერჯერობით უცნობია შექმნიან თუ არა ქართული ოცნების ყოფილი და გიორგი გახარიას პარტიის წევრები ახალ ფრაქციას პარლამენტში.

მარიამ ქუხილავა

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend