მთავარი სპორტი სპორტის უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი 700-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა

სპორტის უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი 700-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო კორპუსის დაზიანების მიუხედავად მუშაობას აგრძელებს. სასწავლო დაწესებულების საქმიანობა დროებით სოხუმის უნივერსიტეტის ბაზაზე გრძელდება, პრაქტიკული მეცადინეობები კი სპორტის უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობს. წელს სპორტის უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი 700-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა.

სპორტის უნივერსიტეტის რექტორი, გურამ ძაგანია ამბობს, რომ სპორტის უნივერსიტეტში სარემონტო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„სამხარაულის ბიურომ მეორე, მესამე და მეოთხე სართულზე ასასვლელი კიბის ფლიგელები ავარიულად სცნო და გვითხრა, რომ დროებით აქ სტუდენტების გადაადგილება უნდა შეჩერდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა განათლების სამინისტროსთვის, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ლექციების ნაწილის ჩატარების უფლება სოხუმის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოგვცა. ამ ერთი წლის განმავლობაში სპორტის უნივერსიტეტის შენობა გარემონტდება და სწავლის რეჟიმი ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება“, – განაცხადა გურამ ძაგანიამ.

 

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი სპორტსმენებს სპორტის უნივერსიტეტში ჩაბარებას ურჩევს.

„მე სპორტის უნივერსიტეტში ვსწავლობ. აქ კარგი სპეციალისტები არიან. რთული გრაფიკი მაქვს და ლექციებზე დასწრებას ხშირად ვერ ვახერხებ, თუმცა უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ლექციები ჩემთვის მისაღებ დროს მიტარდება. მათ ამ ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი. სპორტსმენებს ვურჩევ რომ აირჩიონ ეს უნივერსიტეტი, რადგანაც ისინი აქ ღირებულ ცოდნას მიიღებენ”, – ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.

უნივერსიტეტში, ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობის გაზრდას ელოდებიან.

გიორგი სანაძე

 

უახლესი

სხვა ამბები