მთავარისაქართველოევრობლოკში საქართველოს მიესალმებიან, თუმცა ვალდებულებებსაც ახსენებენ

ევრობლოკში საქართველოს მიესალმებიან, თუმცა ვალდებულებებსაც ახსენებენ

ერთ დროს მხოლოდ ექვსი, ახლა კი 27 – სწორედ ამ რაოდენობის ევროპული სახელმწიფო არის გაერთიანებულ ერთ ბლოკში ერთი იდეის გარშემო.

გაწევრების რიგში არის კიდევ 9 ქვეყანა, რომელთა მისწრაფებებსაც, ევროკავშირში უკვე მყოფი ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება, ბლოკის ისტორიაში ახალი თავის დასაწყებად. თუმცა, მათ ამ თანხმობას აქვს კონკრეტული ვალდებულებებიც, რომელთა შესასრულებლად სამუშაო უნდა გასწიონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოებმა.

ეს ვალდებულებები, სხვადასხვა დოკუმენტის სახით, პერიოდულად ვრცელდება და ერთ-ერთი ასეთი არის 17 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.

დანიის თავმჯდომარეობით, ევრობლოკის 26-მა ქვეყანამ შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა კრიტერიუმით: ადამიანის უფლებები, კანონმდებლობა, პოლიტიკური გარემო, მართლმსაჯულების სისტემა, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ინსტიტუციური რეფორმები და საგარეო ვექტორი.

შეფასებას მხოლოდ უნგრეთი არ დაეთანხმა.

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ორი წლისთავზე, თბილისს ბრიუსელიდან მწვავე კრიტიკის მოსმენა უწევს. ეს სტატუსი კი საქართველომ მიიღო შესაბამისი რეფორმების გატარების საფუძველზე, თუმცა კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების პირობის სანაცვლოდ.

ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტი „გაფართოების შესახებ“ ევროკომისიის 4 ნოემბრის ანგარიშის შეფასებას ეყრდნობა, რომელიც საქართველოსადმი ასევე საკმაოდ კრიტიკული იყო. არც 4 ნოემბრის ანგარიშის და არც 17 დეკემბრის დოკუმენტის შინაარსს არ იზიარებს „ქართული ოცნება“.

ხელისუფლებისთვის მიუღებელია საპროტესტო აქციებისას დაკავებულ პირთა გათავისუფლების მოთხოვნა, რადგან, როგორც ამბობენ, მათ „მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს“. მმართველი პარტიის პოზიცია არ შეცვლილა იმ მხრივაც, რომ ისინი ბრიუსელს კვლავ ორმაგ სტანდარტში, შანტაჟსა და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

საპასუხოდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის დაკარგვის შემთხვევაში, საქართველო კრემლის აგრესიის პირისპირ მარტო დარჩება, თანაც მოკავშირეების გარეშე.

ევროკავშირის საბჭოს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო მოერგება ევრობლოკის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და შეუერთდება შემზღუდავ ზომებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.

ამავე დოკუმენტში ასეთივე მოთხოვნა ბრიუსელს აქვს ბელგრადის მიმართაც. ბოლო წლების განმავლობაში, მოსკოვთან ღია კავშირების გამო, ევროკავშირი არ იშურებდა უარყოფით შეფასებებს ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ორმხრივი კრიტიკის მიუხედავად, თბილისისგან განსხვავებით, ბრიუსელსა და ბელგრადს შორის კავშირები უმაღლეს დონეზე არ გაწყვეტილა.

ევროკავშირის საბჭო აცხადებს, რომ სერბეთში ბოლო 1 წლის განმავლობაში საპროტესტო აქციების ფონზე, საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების სრულყოფასთან დაკავშირებით. სწორედ ეს კრიტერიუმები, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების ძირითადი საფუძველი და ამ მხრივ, ევრობლოკიდან თბილისსაც ურჩევენ, სათანადო ნაბიჯების გადადგმისკენ.

ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოებს იმ მოთხოვნების შესრულებასაც ავალდებულებს, რაც ევროპულ ოჯახში გასაწევრებლად კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს. ეს კი არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა – ამ ფონზე კი 17 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2026 წლიდან ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციას.

2030 წელი ეს ის ვადაა, როდესაც კანდიდატმა სახელმწიფოებმა უნდა შეძლონ ევროკავშირთან სრულ თანხვედრაში მოსვლა – პოლიტიკურად თუ ტექნიკურად. და თუ ადრე გაფართოების მიმართ ევროპული საზოგადოების განწყობები უფრო მეტად სკეპტიკური იყო, უკრაინაში რუსეთის ომმა ყველაფერი შეცვალა, მათ შორის ისიც, რომ დღეს მათ დიდ ნაწილს სურს, მეზობელი ქვეყნების ევროკავშირში ხილვა.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend