დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰელი თანამდებობას ტოვებს. მიზეზი მთავრობაში სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოებაა.
ჰელი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მზარდი საფრთხეების ფონზე ქვეყნის დასაცავად სამთავრობო რესურსების არასაკმარისად გამოყოფაში ადანაშაულებს. მან სტარმერს განუცხადა, რომ მთავრობის თავდაცვის ინვესტიციების გეგმა „მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმას, რაც ამ სახიფათო პერიოდშია აუცილებელი“.
თავდაცვის მინისტრის მოულოდნელი გადადგომა, რომელსაც თან მკაცრი საჯარო წერილიც ახლდა, სტარმერზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წინაშე ახლა არაერთი გამოწვევაა და ჯონ ჰელის გადაწყვეტილება მის მთავრობაში არსებულ კრიზისს ამხელს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს თავდაცვის ხარჯები მაშინ, როდესაც ამისთვის ფინანსური რესურსები პრაქტიკულად არ არსებობს.
„თქვენ ვერ მოახერხეთ, ხოლო ხაზინამ არ ისურვა იმ ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა, რომელიც ქვეყანას მზარდი საფრთხეების ფონზე თავდაცვისთვის სჭირდება.
თქვენი თავდაცვის საინვესტიციო გეგმა, რომლის სრული ვერსიაც მხოლოდ ამ კვირის ორშაბათს მივიღე, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმას, რაც თავდაცვისა და ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებით სახიფათო პერიოდშია აუცილებელი.
იძულებული ვარ მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ძალების მზადყოფნას შეამცირებს, ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პერსონალისთვის რისკს გაზრდის და შესაძლოა ქვეყანა ნაკლებად უსაფრთხოც გახადოს“, - აღნიშნავს ჯონ ჰილი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისადმი მიწერილ წერილში.
სამხედრო ხარჯების გაზრდის გზებზე ბრიტანეთის თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებენ. შედეგად, თავდაცვის საინვესტიციო გეგმის გამოქვეყნებაც, რაც უკვე შარშან იყო დაგეგმილი, გადაიდო.
სამხედრო ხელმძვანელები აცხადებენ, რომ გეგმა მზარდ საფრთხეებზე საპასუხოდ აუცილებელია - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსული სამხედრო აქტივობა ბრიტანეთის წყლებთან გახშირდა. თუმცა, ამაავდროულად მთავრობა სახელმწიფო ვალის შემცირებას ცდილობს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჟურნალისტისგან შეიტყო. მას ჰკითხეს, ადასტურებს თუ არა ჯონ ჰილის გადადგომა იმას, რომ თავდაცვის ხარჯების ზრდა, რასაც ალიანსი და ყველაზე ძლევამოსილი წევრი, ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად ითხოვს, მარტივი პროცესი არ არის.
„მთელი ალიანსის მასშტაბით ვხედავთ, რომ ქვეყნები ნამდვილად აძლიერებენ საკუთარ ძალისხმევას და გასულ წელს დიდმა ბრიტანეთმაც გაზარდა თავდაცვის ხარჯები. ამ განცხადების შესახებ არ გამიგია. ჯონ ჰელის დიდ პატივს ვცემ. უნდა დაგიჯეროთ, რომ ეს მართლაც მოხდა, თუმცა ჩემთვის ეს სიახლეა. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, მთელ ალიანსში ვხედავთ, რომ ქვეყნები თავდაცვის ინვესტიციებს ზრდიან. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის, რადგან საბოლოოდ ყოველთვის სხვა რამის ხარჯზე ხდება, და ეს ხარჯებიც ასევე მნიშვნელოვანია. თუმცა, ნებისმიერი მთავრობის ძირითადი მოვალეობა, საბოლოო ჯამში, ქვეყნის უსაფრთხოების და ძლიერი ეკონომიკის უზრუნველყოფაა. სწორედ ეს ორი რამ არის საყრდენი ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის. ძლიერი ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ფუნქციონირებას, სამუშაო ადგილებსა და მოსახლეობის კეთილდღეობას, და ამავდროულად მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს“, - ამბობს მარკ რუტე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გასულ წელს პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდაპროდუქტის 2.5-მდე, 2034 წლისთვის კი - 3%-მდე გაიზრდება.
