ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები სიამოვნებით თანამშრომლობენ ფინურ კოსმოსურ კომპანია ICEYE-სთან. ეს კომპანია ყიდის მცირე ზომის თანამგზავრებს, რომლებიც მოკავშირე ქვეყნებს ეხმარება, რომ საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვან. აღსანიშნავია, რომ, როდესაც საქმე კოსმოსიდან დედამიწაზე დაკვირვებასა და სამხედრო დაზვერვას ეხება, ამ მაღალი გარჩევადობის მქონე რადარს ვერცერთი დანადგარი ვერ შეედრება.
ორმა ინივატორმა, რომელთაგან ერთი პოლონეთიდანაა და მეორე - ფინეთიდან, მსოფლიოში საუკეთესო თანამგზავრული სისტემა შექმნა. ეს რადარის მზერა 600 კილომეტრის სიმაღლიდან ღრუბლის სქელი მასის მიღმაც კი ყველაფერს ხედავს, თუნდაც შუაღამისას: იქნება ეს ჩაღვრილი ნავთობი, ტყის ხანძარი, წყალდიდობა თუ სამხედრო დანადგარი ან საეჭვო გემის მარშრუტი.
ფინეთში ჰელსინკის გარეუბანშია კომპანია ICEYE-ის მთავარი შტაბ-ბინა. ეს სტარტაპი დიდი რაოდენობით მინითანამგზავრს აწარმოებს და გლობალური ბაზრის ლიდერია. ამჟამად ორბიტაზე გაშვებული მათი მეოთხე თაობის თანამგზავრი 200 კილოს იწონის და 25 სანტიმეტრიან ობიექტს ამჩნევს დედამიწაზე. თუმცა გეგმავენ ამ მაჩვენებლსი 16 სანტიმეტრზე დაყვანას.
ამჟამად ICEYE ორბიტაზე 70-ზე მეტი თანმგზავრისაგან შემდგარ თანავარსკვლავედს უწევს ოპერირებას.
„დღეს 70 გავუშვით. ამჟამად წელიწადში 25 ცალს ვამზადებთ და ვაპირებთ, 50-ზე ავიდეთ“, - განმარტავს ოლომონი.
კომპანია ICEYE 2014 წელს დააფუძნეს და მისთვის საწყისი დაფინანსება ევროკავშირმა გაიღო. კომპანიას მრავალი ფილიალი აქვს მათ შორის პოლონეთში, ესპანეთში, გერმანიასა და საბერძნეთში და მთლიანობაში ათას ადამიანს ასაქმებს 70 ქვეყნიდან. გასულ წელს ICEYE ბრუნვა 250 მილიონი ევრო იყო. კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პეკა ლორილამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ასეთი რჩევა მისცა ევროკავშირს:
„უფრო გაბედული გეგმა ახლავე შეიმუშავეთ და არა ათი წლის მერე. ევროპას რესურსები აქვს, მაგრამ უნდა შეძლოს მათი იმ სპეციალურ პროგრამებში ჩადება, რომლებსაც ამბიცია აქვთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყვნენ. სერიოზულად მოეკიდეთ ამ საქმეს!“
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი
