კუბასთან გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობისა და ვაშინგტონის მხრიდან ჰავანას კომუნისტური მმართველობის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიუხედავად, შეერთებული შტატების ომის მდივნის ბორტი კუნძულოვან ქვეყანაში დაეშვა.
პიტ ჰეგსეტი გუანტანამოში მდებარე ლივარდ-ფოინთის აეროდრომს ეწვია, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული, მიუხედავად 60-იანი წლების კომუნისტური რევოლუციის შემდეგ ქვეყანასთან გაუარესებული კავშირებისა.
აშშ-ის ომის მდივნის თქმით, კუბის წინააღმდეგ ვაშინგტონს მოქმედებების მრავალფეროვანი ვარიანტები აქვს, რომლებსაც არ გაამხელს, თუმცა, მედიის წარმომადგენლების კითხვაზე საპასუხოდ, იგეგმება თუ არა ვენესუელის სცენარის გამეორება, მან თქვა, რომ ყველაფერი ცხადი უახლოეს მომავალში, მოვლენათა განვითარების შესაბამისად გახდება.
„არ მივმართავ რომელიმე კონკრეტულ სადაზვერვო სამსახურს, უბრალოდ ვაღიარებ იმ ფაქტს, რომ ახლა კუბის რეჟიმზე დიდი წნეხი გრძელდება და ეს სამართლიანია. მათ უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოგჯერ ლიდერები არასწორ ნაბიჯებს მიმართავენ, როცა მათზე წნეხი იზრდება.
ჩვენ მათ მოვუწოდებდით, არ წავიდნენ ამ მიმართულებით, რადგან ეს მხოლოდ საფრთხეს ქმნის, რომელსაც, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს შეჯახება მოუწიოს. ჩვენ ყველა საჭირო ვარიანტი გვაქვს.
ჩვენი მიზანია, სხვადასხვა მასშტაბში წარმოვადგინოთ ვარიანტები, რომლებიც დამოკიდებულია იმაზე, რა მიმართულებით სურს წასვლა შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს.
ისევე როგორც ამერიკის ცენტრალურ სარდლობაში, სამოქმედოდ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ჩვენი სამუშაოა. ჩვენი შენობაც გეგმების შედგენით ცხოვრობს, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ, პენტაგონის გარდა, ცენტრალურ სარდლობაზე უკეთ არავინ აკეთებს ამ საქმეს“, - განაცხადა აშშ-ის ომის მდივანმა.
პიტ ჰეგსეტმა კუბის ხელისუფლებას ასევე მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ იმ შეიარაღების შესყიდვისგან, რომელიც შეძლებს ან გუანტანამოს სამხედრო ბაზამდე, ან მით უმეტეს, ამერიკის ტერიტორიამდე მიღწევას.
გამაფრთხილებელი განცხადებები ამერიკელი მაღალჩინოსნებისგან ისმის იმ ფონზე, როდესაც კარიბის ზღვაში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდები პატრულირებენ, ხოლო კუბის წინააღმდეგ ვაშინგტონმა სანქციები გაამკაცრა.
შტატებში კუბის დროებითი სპეციალური წარმომადგენლის აზრით, ეს ნაბიჯები არის ტრამპის ადმინისტრაციის საბაბი, დაარწმუნოს ამერიკელი ხალხი, მხარი დაუჭიროს კუნძულოვან ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას, როგორც ეს იანვარში, ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა.
სააგენტო Associated Press-თან საუბრისას, ელჩმა ლიანის ტორეს რივერამ გაიმეორა კომუნისტური მმართველობიდან სხვა კუბელი პოლიტიკური მაღალჩინოსნების ბრალდებები დონალდ ტრამპის კაბინეტის მისამართით, მკაცრად გააკრიტიკა ვაშინგტონის პოლიტიკა და თეთრი სახლი დაადანაშაულა კუბის მშვიდობიანი მოსახლეობის დევნაში, მრავალწლიანი ეკონომიკური ბლოკადით, ახლა კი უკვე მიზანმიმართულად ენერგოკრიზისის შექმნით.
შეერთებულ შტატებში კუნძულოვანი ქვეყნის დროებითმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კუბაში არსებულ ვითარებას უწოდა „ომი ბომბების გარეშე“ და დასძინა, რომ ჰავანა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს ვაშინგტონისთვის და არ სურს კონფრონტაცია.
დიპლომატის ამ განცხადებებამდე კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ანალიტიკოსებიც საუბრობდნენ, რომ კუნძულოვანი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან, მათი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, ჰავანას კომუნისტური მმართველობიდან ვინმე იყოს დაკავშირებული ამერიკულ საბანკო სისტემასთან და აღელვებდეს ფინანსური ანგარიშების გაყინვა.
ამავე მოსაზრებას იზიარებს ლათინური ამერიკის უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი რიჩარდ ფაინბერგიც.
მიგელ დიას-კანელისთვის სანქციების დაწესებისთანავე მან თქვა, რომ ეს ნაბიჯი, შესაძლოა, განხილული იყოს როგორც კუნძულოვან სახელმწიფოში „ინტერვენციის სამზადისი“ ან „ადგილობრივ რეჟიმზე ზეწოლა შეთანხმების გასაფორმებლად“.
