კატეგორიები

ირანის მოსახლეობის ნაწილი აშშ-სთან შეთანხმების მომხრეა, ნაწილი - სამხედრო პასუხის

ირანის მოსახლეობის ნაწილი აშშ-სთან შეთანხმების მომხრეა, ნაწილი - სამხედრო პასუხის
ამერიკისა და ირანის სამხედრო ძალებს შორის განახლებული ურთიერთიერიშების ფონზე, არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თეირანში მცხოვრებთა ხედვები ისევ განსხვავებულია.

მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისლამური ქვეყნის ერთადერთი გზა ახლა სწორედ საბრძოლო მოქმედებებსა და მოწინააღმდეგესთან შეურიგებლობაზე გადის.

მათი არგუმენტით, ასე ირანი შეძლებს ღირსების შენარჩუნებას, არამხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მათ წინაშეც, ვისაც ადგილობრივთა ნაწილი „მტერთან ომისას დაღუპულ წამებულებს“ უწოდებს.

ამავე აზრზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ დაუშვებელია რაიმე დათმობაზე წასვლა, მათ შორის ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებითაც, რადგან ეს ირანის ეროვნული ინტერესების საქმეა და მხოლოდ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

„არ მომწონს ომი. უკიდურესად მაშფოთებს ადამიანებისა და ბავშვების სიკვდილი, თუმცა ზოგჯერ ომი საჭიროა და ახლა დადგა დრო, როცა ირანი მთელი ძალით უნდა დაუპირისპირდეს თავის მტერს“, - ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი აბდულა ხოსეინი.

„ალაჰმა არ დაუშვას ომი, მაგრამ შეთანხმება არ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი. მათ სჭირდებათ ჩვენი ბირთვული მასალები, ჩვენი კონტროლი, მაგრამ არა, ჩვენ ეს არ გვინდა. ბირთვული ტექნოლოგიები და ურანი თითოეული ჩვენგანის უფლებაა. ჩვენი მეცნიერები გულმოდგინედ მუშაობდნენ ამ ტექნოლოგიების მისაღებად, შემდეგ მტრები მოდიან და კლავენ მათ. უფლება არ უნდა მივცეთ, ასე მარტივად მოიპოვონ ეს ყველაფერი“, - აცხადებს თეირანის მცხოვრები ხამიდ რეზა ბანი ებრაჰიმი.

მოსახლეობის ნაწილს უკვე დაეკარგა ვითარების გამოსწორების იმედი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომატიური პროცესი ჩიხში შევიდა, ვაშინგტონის რიტორიკა ისევ გამძაფრდა და საბრძოლო მოქმედებებიც განახლდა.

„ვფიქრობ, მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით, ისინი ვერ შეთანხმდებიან, მაგრამ, ვიმედოვნებ, რაღაცას მაინც დათმობენ, რადგან ეს ომზე უკეთესია. ომში კარგი და უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. პირადად მე, ნათესავი დავკარგე“, - ამბობს ადგილობრივი, ხურაზ აჰმადი.

სამხედრო ესკალაციის გარდა, მოსახლეობა განსაკუთრებით წუხს ომის კიდევ ერთ დამრტყმელ ეფექტზე - ეკონომიკის ფაქტობრივ განადგურებაზე.

მიუხედავად თეირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გასამხედროებული დაჯგუფების, „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ მხრიდან არაერთი მტკიცებისა, რომ ომს ირანის ეკონომიკაზე „სერიოზული გავლენა არ აქვს“ და არსებული მდგომარეობით მხოლოდ მოწინააღმდეგე ზარალდება, ისლამური ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემები საპირისპიროზე მიუთითებს.

ფინანსური ინსტიტუტის თანახმად, ირანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აღმოჩნდა უკიდურესად მაღალი ინფლაციური მაჩვენებლის წინაშე.

ირანის კერძო ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრის თანახმად, ამ ტემპებით ქვეყანა, სავარაუდოდ, გაუსწრებს 1942 წლის რეკორდულ, ჰიპერინფლაციურ მაჩვენებელს, თანაც განურჩევლად იმისა, დროის რა მონაკვეთში გახდება შესაძლებელი ვაშინგტონსა და თეირანს შორის მშვიდობის დამყარება, რადგან ომის ეფექტი გავლენას ახდენს კონფლიქტის ზონიდან გეოგრაფიულად დიდად დაშორებულ ქვეყნებზე, რომ არაფერი ითქვას უშუალოდ კონფლიქტის მხარეზე.

დაკავშირებული ამბები
ირანის მოსახლეობის ნაწილი აშშ-სთან შეთანხმების მომხრეა, ნაწილი - სამხედრო პასუხის აშშ-მა ირანის სამხრეთზე იერიშები მიიტანა, თეირანი ჰორმუზის სრუტის „სრულად ჩაკეტვას“ აცხადებს