კატეგორიები

ბაჰრეინში ირანული იერიშების შედეგად 11 წლის გოგონა დაშავდა

ბაჰრეინში ირანული იერიშების შედეგად 11 წლის გოგონა დაშავდა
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 11 ივნისის ღამით, ირანის სამხედრო ძალების მიერ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული მასირებული დარტყმების შედეგად, 11 წლის გოგონა დაშავდა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია ხამად-ტაუნასა და მანამას რაიონებში არსებული მდგომარეობა.

ეს არის საცხოვრებელი დასახლებები, სადაც, როგორც ბაჰრეინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამბობენ, არ მდებარეობს არანაირი არც ადგილობრივი და არც უცხო სახელმწიფოს სტრატეგიული ან სამხედრო ობიექტი, რომელიც, შესაძლოა, გამხდარიყო თეირანის სამიზნე.

ვიდეომასალაში ნაჩვენებია დამწვარი და დაზიანებული ავტომობილები, ასევე საცხოვრებელი სახლები, რისი მიზეზიც ასევე გახდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ირანული საბრძოლო საფრენი აპარატების გადაჭერა.

რეგიონის მასშტაბით დაძაბულობისა და ურთიერთიერიშების ფონზე, ავიაკომპანიების უმრავლესობა საკუთარი გადაწყვეტილებით თქვა უარი ბაჰრეინისა და ქუვეითის მიმართულებით ფრენების შესრულებაზე, თუმცა მანამდე თავიანთი საჰაერო სივრცე თავად ამ ქვეყნებმაც დახურეს.

28 თებერვლის ომის დაწყების შემდეგ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანული დარტყმების სამიზნეებად არის ქცეული სპარსეთის ყურის სახელმწიფოები. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, თუმცა ბოლო პერიოდში თეირანი გააქტიურდა ბაჰრეინის, ქუვეითისა და იორდანიის მისამართით იერიშების მხრივაც.

ისლამურ ქვეყანაში აცხადებენ, რომ მათი რეალური სამიზნე არის ამ ქვეყნებში განლაგებული სამხედრო ბაზები. ირანმა მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნები გააფრთხილა, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა, შეაჩერონ აშშ და ისრაელი, თეირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენებისგან.

თავად სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში მიაჩნიათ, რომ ამ ომში მათი ჩართვა მეტ ესკალაციასა და ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს გამოიწვევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენებენ ირანზე „ლეგიტიმური პასუხის“ უფლებას.

დაკავშირებული ამბები
ბაჰრეინში ირანული იერიშების შედეგად 11 წლის გოგონა დაშავდა ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია