როგორია უკრაინის მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა, თუმცა სამართლიანობის პრინციპების დაცვით? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა, მითუმეტეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლისთავზე, კრემლის განგრძობადი აგრესიული პოლიტიკის ფონზე.
სწორი პასუხის საპოვნელად ბერლინი უკვე ორი დღეა, მასპინძლობს უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს, ასევე ევროპული სახელმწიფოების პირველ პირებს. გერმანიის დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, რადგან მზარდია პროვოკაციების მოწყობის რისკი. ეს მოსკოვისთვის, მისი პოლიტიკის გათვალისწინებით, მანძილის განურჩევლად, წინააღმდეგობას არ წარმოადგენს.
ბერლინში უკვე შედგა შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტსა და მის გერმანელ და ფინელ კოლეგებს შორის, ასევე ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან.
შეხვედრებთან ერთად, სამხედრო კონფლიქტის დასრულების პროცესში ჩართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას სამშვიდობო გეგმაზე. მისი პუნქტები იცვლება, როგორც რაოდენობრივი, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.
საკუთარი ხედვა წარმოადგინა გერმანიამაც, რომლის 10-პუნქტიანი გეგმა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას გულისხმობს. დოკუმენტი უკვე გააცნეს ბერლინში ვიზიტით მყოფ ვოლოდიმირ ზელენსკის. ერთობლივი სამხედრო საწარმოების შექმნა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, უკრაინული წარმოების აღჭურვილობის ერთობლივი შესყიდვა ნატოს საჰაერო სივრცის დასაცავად – ეს არის უკრაინის მხარდაჭერის გერმანული ხედვა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბერლინში შეიქმნება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის სამეკავშირეო ოფისი.
ვიდრე მხარეები სამშვიდობო გეგმას სისრულეში მოიყვანენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი უკრაინის საკითხის ირგვლივ არსებულ პროგრესზე საუბრობს, ვოლოდიმირ ზელენსკი კი სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ფორმულაზე. უკრაინის პრეზიდენტისთვის კატეგორიულად მიუღებელია ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი:
„სიტყვების კომენტირება ბევრნაირად შეიძლება. გეგმა ვერ იქნება ისეთი, რომ ყველას მოეწონოს. ჩემი აზრით, მთავარია, გეგმა იყოს, რაც შეიძლება სამართლიანი, პირველ რიგში უკრაინისთვის. მთავარია, ის იყოს რეალური. იქცეს არა მხოლოდ ფურცლად, არამედ მნიშვნელოვან ნაბიჯად ომის დასასრულებლად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გეგმის ხელმოწერის შემდეგ აღარ იყოს შესაძლებელი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ომის წამოწყება – მესამე აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ამერიკულ მხარე კი დიალოგში, შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს მათ გზავნილებს, მოთხოვნებს, ნაბიჯებს, მზაობასა თუ პირიქით, თუ აშშ გააგრძელებს ზეწოლას, თუ პარტნიორები გააგრძელებენ ზეწოლას – თუ ამერიკას ენდომება ამ ომის დასრულება, როგორც ამის დემონსტრირებას უმაღლეს დონეზე დღეს ახდენენ, ვფიქრობ, რუსეთი წავა კომპრომისზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
I met with President of the German Bundestag @JuliaKloeckner. We discussed mechanisms that would make it possible to use frozen Russian assets for the benefit of Ukraine. We appreciate Germany’s leadership on this issue. We also spoke separately about our joint efforts with… pic.twitter.com/3RxU0DBlvk
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 15, 2025
იმაზე, რომ რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა კი მისი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი, არ დავობენ ევროპელი დიპლომატებიც, რომლებიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეიკრიბნენ. ბერლინის პარალელურად, უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის საკითხი დღის წესრიგში დგას ბრიუსელშიც.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეაკავონ მოსკოვის ამჟამინდელი აგრესია უკრაინაში, არამედ როგორ აიცილონ ის სამომავლოდ, თანაც უკრაინის ფარგლებს გარეთ.
მსჯელობის საგანია კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ნატოს სტანდარტების შესაბამისად და პოლიტიკური სტაბილურობა ევროკავშირის დროშის ქვეშ. დიპლომატების განცხადებით, დროა, ცარიელი სიტყვები ქმედებებად იქცეს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ნატოში გაწევრება ქვეყნებს სურთ, რათა არ გახდნენ რუსეთის სამხედრო თავდასხმის სამიზნენი. სწორედ ამიტომ შეუერთდნენ ნატოს შვედეთი და ფინეთი, იგივე ნაბიჯი გადადგეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, რათა ჰქონოდათ საერთო თავდაცვითი ქოლგა. თუკი ეს რაიმე კითხვის ნიშნებს აჩენს, მაშინ უნდა გადავხედოთ, უსაფრთხოების რომელი გარანტიები არის რეალური. ეს ვერ იქნება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ან ფუჭად გაცემული დაპირებები…
ეს უნდა იყოს ნამდვილი ჯარი, ნამდვილი შესაძლებლობა, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. უნდა გვესმოდეს, რომ დონბასი არ არის ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი. თუკი ის დონბასს დაიპყრობს, მაშინ მთელი ციხე-სიმაგრე დაინგრევა და შემდეგ ისინი გადავლენ მთელი უკრაინის დაპყრობაზე. თუკი უკრაინა დაეცემა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან სხვა რეგიონებიც. ჩვენ ეს ვიცით ისტორიულად და უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან“, – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
The Donbas isn’t Putin’s end game.
If he gets it, he will demand more.We know this from history and we should learn from history.
My doorstep ahead of today’s Foreign Affairs Council ↓ pic.twitter.com/g2q7wEwDCh
— Kaja Kallas (@kajakallas) December 15, 2025
„რამდენიმე დღეში, უფრო კონკრეტულად კი ამ კვირის ბოლოს, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მთავრობებსა და სახელმწიფო მეთაურებს მოუყრის თავს, გადაწყვეტენ მომდევნო 2 წლის განმავლობაში უკრაინის ნებისმიერი ფინანსური სირთულისგან დაცვის შესახებ, ასევე მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესახებ იმ პერიოდში, ვიდრე მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკებები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ის, რაც გვინდა და ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინამ გამოავლინა წინსვლის მზაობა სამშვიდობო პროცესის უფრო სწრაფად მისაღწევად“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
„ვფიქრობ, თავად პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მოვუსმინოთ, არის თუ არა ის მზად, წავიდეს კომპრომისზე ნატოს საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მე არ ვიქნები ის, ვინც ამას მხარს დაუჭერს. რა თქმა უნდა, ცხადია, თუ ნატო არ არის გამოსავალი, მაშინ გვჭირდება სხვა სახის უსაფრთხოების გარანტიები, ზუსტად ისეთივე მძლავრი როგორიც არის ნატოს მეხუთე მუხლი. ვფიქრობ, ევროპისა და უკრაინისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტია. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, განვიხილავთ.
გასული უქმეების წინ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ რუსული აქტივების მობილიზების შესახებ. შემდგომი ნაბიჯისთვის ეს არის აუცილებელი პირობა.
მომდევნო გადაწყვეტილებებით ჩვენ უნდა შევძლოთ, უზრუნველვყოთ უკრაინის შესაძლებლობა, განაგრძოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, ასევე აჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ევროპა ძლიერი მოთამაშეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივეცემით შთაბეჭდილებას, რომელსაც გვიქმნის ამერიკის პრეზიდენტი, თითქოს ევროპა სუსტია“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა.
ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბე ბრაჟე:
„რაც არ უნდა მოჰყვეს ცეცხლის შეწყვეტას, რაც არ უნდა მოხდეს, ოკუპაცია არასდროს იქნება აღიარებული კანონიერად. ჩვენ კვლავ დავიცავთ ჩვენს საერთაშორისოდ ცნობილ პოზიციას, რომელსაც აქამდეც ვიცავდით და მკაფიოდაც ვაცხადებდით. ძალიან ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს ნამდვილად შინაარსობრივი მოლაპარაკებები.
უკრაინის, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის და მომავალშიც იქნება ყოვლისმომცველი. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას როგორც ბრძოლის ველზე, ვიდრე ომი მიმდინარეობს, ისე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხი არ უნდა განიხილებოდეს ევროპული სახელმწიფოების გარეშე, რადგან „უკრაინა ევროპას ეკუთვნის“:
„ევროპამ დატოვა ეს მოლაპარაკებები და ყველა საუბრობს გაყინულ რუსულ აქტივებზე, რომლებიც სინამდვილეში ჩვენ გვეკუთვნის, რადგან ჩვენ გავყინეთ ეს აქტივები. ამიტომ ევროპა უნდა დაჯდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ვისაუბრებთ უკრაინაში მდგრად და სამართლიან მშვიდობაზე. საუბარია არა მხოლოდ უკრაინასა და მის ტერიტორიაზე, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს ინტერესებზეც, უკრაინა კი ევროპას ეკუთვნის…“
სამხედრო აგრესიის გარდა, მოსკოვის როლი ასევე დიდია ჰიბრიდული საფრთხეების თვალსაზრისით, რის შესაკავებლადაც ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ყოფილი სამხედროები და პოლიციელები დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც ანტიუკრაინულ და ნატოს საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებენ.
კრემლი კი პოზიციას არ იცვლის და არც რაიმე დათმობაზე წასვლას გეგმავს. რუსული მხარის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინია ის პირი, რომელიც „მზად არის მშვიდობისთვის“:
„რამდენადაც გვესმის, მუშაობა გრძელდება. მას ატარებენ ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი მომლაპარაკებლები. მას შემდეგ, რაც ისინი დაასრულებენ თავიანთ წილ სამუშაოს, ველით, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები წარმოადგენენ ბერლინში განხილულ კონცეფციას. არ ვაპირებ რაიმე ვადების დასახელებას. ვფიქრობ, ახლა ეს არასწორი იქნებოდა.
შემიძლია, მხოლოდ რუსული მხარის, პრეზიდენტ პუტინის სახელით ვისაუბრო. ის კი საერთოდ არ აპირებს დასთანხმდეს რაიმე ხრიკს, რომელიც მიმართულია დროის გაჭიანურებისა და ხელოვნური შესვენებების შექმნისკენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
პარტნიორებისა თუ მტრის განცხადებების ფონზე, უკრაინა კვლავ ელის იმ მომენტს, როდესაც მის ცაზე შეწყდება რუსული რაკეტებისა და დრონების ფრენა, რომელთა სამიზნე არის არა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორც ამას მოსკოვი ამტკიცებს, არამედ მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობა.
უკრაინული მოსახლეობა ელის რუსული ჯარების გასვლას იმ ტერიტორიებიდანაც, რომლებსაც მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს როგორც კიევის საკუთრებას.
სასტიკი ბრძოლისა და აგრესიის მიმდინარეობის დროსაც კი, კრემლი ევროპულ და უკრაინულ მხარეებს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს, ანუ იმ ომის დაწყებაში, რომელიც 2014 წელს რუსეთმა თავად წამოიწყო, 2022 წელს კი სრულმასშტაბიანი სახე მისცა.

