კატეგორიები

ფარულად აშენებული ტერმინალი ენგურზე

ფარულად აშენებული ტერმინალი ენგურზე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურზე „თითქმის დასრულებული“ საბაჟო ტერმინალის მიზნების შესახებ ალაპარაკდნენ.

ოკუპირებული რეგიონის სატრანზიტო-ლოგისტიკური სააგენტოს ე.წ. „დირექტორის“, ასტამურ ახსალბას განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მრავალი წელია, სხვადასხვა არგუმენტით დუმს თბილისიც, მოსკოვიც და სოხუმიც, თუმცა თავადვე განმარტავს, რომ აფხაზური მხარე „თეორიულად არის მზად“ ენგურის მეშვეობით უზრუნველყოს ტვირთების გადაზიდვა.

როგორც ასტამურ ახსალბა აცხადებს, პროექტის განხორციელების შესახებ მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს 2010 წლის ოქტომბერში, თუმცა სამუშაოების გასაიდუმლოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რეგიონში არსებული „რთული გეოპოლიტიკური ვითარება“. კერძოდ კი, ჯერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის მიერ დაწყებული ომი, რის გამოც, როგორც ახსალბა ამტკიცებს, „მთელი დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ განეწყო“.

ასევე, მისივე თქმით, ერთგვარი „სატრანსპორტო ჰაბის“ მოწყობას ხელს უშლიდა თბილისიც. ამ კონტექსტში მან საქართველოს ყოფილი ხელისუფლება დაასახელა.

ასტამურ ახსალბას მტკიცებით, სატრანზიტო მარშრუტის მოწყობა განიხილება მესამე ქვეყნების ჩართულობით, თუმცა ამ მხრივ სახელდება არაერთი წინაღობა, მათ შორის ის ფაქტი, რომ რუსეთისა და მისი ხუთამდე მოკავშირის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობას არავინ აღიარებს.

მიუხედავად ამ მოცემულობისა, აფხაზური სატრანზიტო-ლოგისტიკური სააგენტოს ე.წ. „ხელმძღვანელი“ მიუთითებს, რომ საბაჟო ტერმინალი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს აფხაზური პროდუქციის სხვა ბაზრებზე გასატანად.

კერძოდ, ასტამურ ახსალბა იშველიებს ადგილობრივი ექსპერტების სიტყვებს, რის მიხედვითაც, ენგურის ტერმინალთან გადაადგილებას შეძლებენ სომხური, თურქული და ირანული სახელმწიფო ნომრების მქონე გადამზიდები, რომელთა მძღოლები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

ამასთან, მისივე განმარტებით, პროცესში საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების მონაწილეობა აკრძალული იქნება, ვიდრე, როგორც ამტკიცებს, „არ იქნება უზრუნველყოფილი კეთილმეზობლური ურთიერთობები და არ იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.

ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები