კატეგორიები

GTA VI-ის 13-წლიანი ლოდინი დასრულებულია

GTA VI-ის 13-წლიანი ლოდინი დასრულებულია
მსოფლიო გასართობი ინდუსტრია არამხოლოდ წლის, არამედ ბოლო ათწლეულის მთავარი მოვლენის მოლოდინშია.

13-წლიანი პაუზის შემდეგ Rockstar Games-ის საკუთარი წარმოების საკულტო ვიდეოთამაშს, GTA-ს მეექვსე სერიას 19 ნოემბრიდან უშვებს.

პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე, GTA-მ შეძლო არაერთი რეკორდის დამყარება. მხოლოდ წინასწარი გაყიდვებიდან, თამაშის გამომშვებმა Rockstar-მა 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, რაც 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ეგზიმპლარს ნიშნავს და, ამ მონაცემებით, აუმჯობესებს თამაშის წინამორბედი სერიის შედეგებსაც.

„GTA სრულიად გამორჩეული თამაშია, რადგან ის, გარკვეულწილად, უბრალოდ ვიდეოთამაში კი არა, მთლიანად გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს თამაშის მასშტაბიდან და ისტორიული მონაცემებიდან. მაგალითად, „Grand Theft Auto 5“, რომელიც სერიის ბოლო ნაწილია და 2013 წელს, ანუ 13 წლის წინ გამოვიდა, როგორც ამბობენ, 220-230 მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაიყიდა.

GTA-ს უნიკალურობა ის არის, რომ ის გამოსვლისთანავე ძალიან კარგად იყიდება, თუმცა გაყიდვები წლებისა და წლების განმავლობაში გრძელდება. ასეთი რამ სხვა პროდუქტებში იშვიათია.

მაგალითად, ფილმს შეიძლება ძალიან წარმატებული პრემიერა ჰქონდეს. SpiderMan-ს რამდენიმე თვის განმავლობაში უდიდესი შემოსავალი მოუტანოს, შემდეგ კი მაყურებლის ყურადღება სხვა ფორმატებზე გადავიდეს.

GTA კი გასართობი ინდუსტრიის ნამდვილი გიგანტია.

არ ვიცი, რა იქნება საბოლოო ციფრები, მაგრამ ვფიქრობ, მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ რაღაც წარმოუდგენელს იმის შესახებ, თუ რამდენად მასშტაბური წარმატება მოიპოვა თამაშმა. და ეს სრულიად დამსახურებულია.

Rockstar-ი საოცარ თამაშებს ქმნის. მათ შექმნას დიდი დრო სჭირდება და GTA-ს შემთხვევაში ათ წელზე მეტი გავიდა. შესაბამისად, მოლოდინიც უზარმაზარია“, - ამბობს ჯეფ კილი, პროდიუსერი და ვიდეოთამაშების მიმომხილველი.

ლეგენდარული თამაშის მეექვსე სერიის გამოსვლა დროში ემთხვევა მსოფლიო ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის დომინირებასაც. მართალია, 2013 წლის შემდეგ, როდესაც GTA-ს ბოლო ვერსია გამოვიდა, ამ სფერომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა ვიდეოთამაშმა მაშინაც შეძლო განსხვავებული სიტყვის თქმა სათამაშო ინდუსტრიაში.

მთავარი სიახლე მხოლოდ გაუმჯობესებული გრაფიკა არ არის. მნიშვნელოვნად იცვლება თამაშის ვირტუალური სამყაროს მასშტაბი, მისი ატმოსფერო და სიუჟეტური ხაზი, რომელიც ფლორიდის მსგავს, გამოგონილ შტატ ლეონიდაში ვითარდება. ახალ სერიაში ჩნდება ორი მთავარი პერსონაჟი. ციხიდან ახლადგამოსული ლუსია კამინოსი და მისი პარტნიორი, კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ჯეისონ დიუვალი.

თამაშის დეველოპერები უარს ამბობენ პოლიციის მოძველებულ სისტემაზე. მეექვსე სერიაში ვირტუალური სამართალდამცავები უფრო რეალისტურად რეაგირებენ დანაშაულზე, დევნა კი უფრო დინამიკური ხდება.

„ეს გასართობი თვალსაზრისით მართლაც საოცარი ნამუშევარია, თუმცა მას კულტურული მნიშვნელობაც აქვს - განსაკუთრებით იმით, თუ როგორ აცოცხლებს ვირტუალურ სამყაროს. მუსიკის გამოყენება და მთლიანად ის სამყარო, რომელსაც თამაშის შემქმნელები ქმნიან, მართლაც წარმოუდგენელია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ თამაშზე 4 700 ადამიანი მუშაობდა და მის შექმნას მთელი ათწლეული დაუთმო. ამიტომ მასშტაბისა და მოცულობის თვალსაზრისით ეს მართლაც მონუმენტური პროექტია.

სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს - ის ერთდროულად ამბიციურია როგორც ჩანაფიქრით, ისე შესრულებით.

GTA-ს თამაშები უბრალოდ არაფერს ჰგავს იმას, რაც დღეს ვიდეოთამაშების სამყაროში არსებობს“, - ამბობს ჯეფ კილი, პროდიუსერი და ვიდეოთამაშების მიმომხილველი.

GTA-ს მეექვსე ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება PlayStation-სა და Xbox-ზე.

დაკავშირებული ამბები
GTA VI-ის 13-წლიანი ლოდინი დასრულებულია პოპ-ჯგუფი “Take That” და დოკუმენტური ფილმი „შეგიძლია დაინახო ყველაფერი“ - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში