კატეგორიები

ეროვნულ გაფიცვას საფრანგეთში სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს მუშაკები შეურთდნენ

ეროვნულ გაფიცვას საფრანგეთში სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს მუშაკები შეურთდნენ
17 ნოემბერს საფრანგეთში პროფკავშირებმა, სხვადასხვა სფეროს მუშაკებმა და სტუდენტებმა მასშტაბურ ეროვნულ გაფიცვაში მიიღეს მონაწილეობა.  

ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა სექტემბრის შუა რიცხვებში სტუდენტური ბლოკადებით დაიწყო და შემდგომ უფრო ფართო მოძრაობაში გადაიზარდა, რომელიც ცხოვრების გაძვირების კრიზისს უკავშირდებოდა.

ამასთან პროფკავშირების წარმომადგენლებმა ევრონიუსს განუცხადეს, რომ მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში გამართულმა საპროტესტო აქციებმა ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია დემონსტრაციები.

„ეს ვითარება, პირველ რიგში, გამოწვეულია საერთაშორისო კონფლიქტებით, რომლებშიც ჩართულნი არიან ულტრამემარჯვენე ძალები, ასევე ტრამპი, პუტინი და ნეთანიაჰუ. ამან ნედლეულზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გატარდა ეკონომიის მიზნით გარკვეული ზომები, რამაც საჯარო სერვისების უგულებელყოფა გამოიწვია, რადგან მომავლისთვის სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულები“. - განაცხადა CGT-ის მდივანმა, სოფი ბინე.

მთავრობამ პროტესტის მონაწილეებს საჯარო სექტორში ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე დასაქმებულთათვის ხელფასის ინდექსაციის ქულების გაზრდით უპასუხა.

ინფლაციასთან გამკლავების მიზნით, მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, 1.6%-ით გაზარდოს ქვეყანაში დადგენილი მინიმალური ხელფასი. თუმცა, პროფკავშირები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

მთავრობა ასევე ცდილობს, პარლამენტში, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა, გაატაროს ბიუჯეტი, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. ამავდროულად, ქვეყანა  სახელმწიფო ვალის მწვავე პრობლემის წინაშეა.

მთავრობამ უკვე მეოთხე წელია უარყო საჯარო სექტორში ხელფასების საყოველთაო ზრდა და განაცხადა, რომ ქვეყნის დაძაბული ფინანსური მდგომარეობა დამატებითი ხარჯების გაწევის საშუალებას არ იძლევა.

რვა კვირის შემდეგ, მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა თუმცა, სტუდენტები, ისევე როგორც პროფკავშირები, აცხადებენ, რომ კვლავაც მტკიცედ არიან განწყობილნი.

„ვინაიდან ჩვენს კანონიერ მოთხოვნებზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღეთ, ჩვენ კვლავაც სოლიდარობას გამოვუცხადებთ მუშაკებსა და გაფიცულებს“. - ამბობს სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენელი, საბრინ ხარბახი.

როგორც ცნობილია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, პროფკავშირებთან 11 დეკემბერს მოლაპარაკებებს გამართავს. 

დაკავშირებული ამბები
ეროვნულ გაფიცვას საფრანგეთში სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს მუშაკები შეურთდნენ საფრანგეთში ზედიზედ მეხუთე უქმეებია, მოქალაქეები ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებენ