კატეგორიები

კიევში სატრანსპორტო კოლაფსია რუსეთის მიერ დაბომბილი ხიდების გამო

კიევში სატრანსპორტო კოლაფსია რუსეთის მიერ დაბომბილი ხიდების გამო
რთული ვითარებაა კიევში, სადაც მდინარე დნიპროზე გამავალი რამდენიმე ხიდიდან ორი რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 17 ნოემბერს, ბალისტიკური რაკეტებით იერიშებისას შვიდჯერ დაბომბეს.

დარტყმების გამო, ორივე ხიდზე მოძრაობა დაუყოვნებლივ შეჩერდა. უკრაინის დედაქალაქის ხელისუფლების ცნობით, კონსტრუქციას პრობლემები შეექმნა, რის გამოც, ამ ეტაპზე მასზე გადაადგილება საფრთხისშემცველია.

გარდა კერძო ავტომობილებისა ეს ხიდები გამოიყენება კიევის მეტროპოლიტენის შემადგენლობის მოძრაობისთვის, ასევე განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის, დისტრიბუციისა და სამხედრო ტვირთებისთვის - შესაბამისად წარმოადგენს არამხოლოდ უკრაინის დედაქალაქის, არამედ მისი მიმდებარე ოლქების ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო დერეფანსა და ლოგისტიკურ მარშრუტს.

შექმნილმა მდგომარეობამ კიევში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ადგილობრივი მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

„ომისა და ხიდთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად - ჯერ იქ არ ვყოფილვარ და ზუსტად არ ვიცი, რა ვითარებაა - YouTube-ზე ვნახე, რომ ტროეშჩინიდან ძალიან ბევრი ადამიანი ამ ხიდს ფეხით კვეთს. ამიტომ ზუსტად არ ვიცი, ახლა რა მდგომარეობაა. მივალ და საფეხმავლო მონაკვეთს შევამოწმებ, გავარკვევ, შესაძლებელია თუ არა ველოსიპედით გავლა. თუ ვერ გავივლი, უბრალოდ უკან მოვბრუნდები, სახლში წავალ და ველოსიპედს იქ დავტოვებ.

გავიგე, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე მასირებული იერიში მიიტანეს...

როგორც ჩანს, პუტინს აქვს გაცემული ბრძანება, გაანადგუროს კიევის ხიდები, მაგრამ, არაუშავს, ჩვენ ამასაც გავუძლებთ. ველოსიპედებზე გადავსხდებით, ფეხით ვივლით, მაგრამ ბოლოს გავიმარჯვებთ!“ - ამბობს კიევის მცხოვრები ლიუბომირი.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ქერჩის სრუტის ტერიტორია და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის იურისდიქციას წარმოადგენენ, ხიდზე მიტანილი იერიშები ამერიკული მხარის კრიტიკის სამიზნე გახდა. ტრამპის ადმინისტრაციის ვარაუდით, ეს ხელს შეუშლის სამშვიდობო პროცესს, თუმცა ვაშინგტონს კიევიდან შეახსენებენ, რომ აბუ-დაბის მოლაპარაკებების პარალელურად, მოსკოვს არ შეუჩერებია უკრაინული ქალაქების დაბომბვა და მისი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა.

ამასთან, კიევი ლეგიტიმურად მიიჩნევს იმ ობიექტების დაბომბვას, რომლებსაც კრემლი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

დაკავშირებული ამბები
კიევში სატრანსპორტო კოლაფსია რუსეთის მიერ დაბომბილი ხიდების გამო როგორ შეძლეს უკრაინელებმა რუსების მიერ კარგად დაცული ყირიმის ხიდის ნაწილის წყალქვეშ მოქცევა?