უკრაინულმა ძალებმა რუსული ოკუპაციის ერთ-ერთ სიმბოლოდქცეულ კონსტრუქციას იმდენად სერიოზული ზიანი მიაყენეს, რომ მოსკოვიც ვეღარ მალავს ალტერნატიული მარშრუტების მოფიქრების აუცილებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს ნახევარკუნძულის დაკავშირება რუსეთის ტერიტორიასთან.
სპეციალისტების თქმით, საჭირო არ არის ინჟინერიის სრულფასოვნად ცოდნა ხიდთან დაკავშირებული მდგომარეობის შესაფასებლად - მათი განმარტებით, კონსტრუქციის ნგრევის, მისი ნაწილის წყალქვეშ მოქცევისა და ხიდის საძირკვლისთვის შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, მხოლოდ რემონტი იყოს საკმარისი.
BBC-სთან საუბრისას, ავსტრალიის უნივერსიტეტის სტრუქტურული ინჟინერიის პროფესორი კოლინ კაპრანი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა მაინც გადაწყვიტოს ხიდის აღდგენა, თუმცა, ნებისმიერი გათვლებით, ამას, სულ მცირე, რამდენიმე თვე დასჭირდება, განსაკუთრებით თუ კიევმა ქერჩის სრუტის ეს ტერიტორია ისევ აიღო სამიზნედ.
პარალელურად, სამხედრო მკვლევრები მიუთითებენ ოპერაციის რამდენიმე უნიკალურ მიღწევაზე, რაც საბრძოლო მოქმედებებში, შესაძლოა, კიდევ ერთი გარდამტეხი ცვლილების მომტანი აღმოჩნდეს.
ყირიმის ხიდის წინააღმდეგ ოპერაციაში უკრაინელებმა გამოიყენეს საკუთარი წარმოების, შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა FP-5 Flamingo, რომელსაც 3 000 კმ-მდე ფრენა შეუძლია, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს საათში 950 კმ-მდე ავითარებს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერაციის წარმატებით ჩატარება მოხერხდა იმ ფონზე, როდესაც რუსული მხარე ყირიმის ხიდს განსაკუთრებულად იცავს - შესაბამისად, უკრაინელებმა შეძლეს ამ თავდაცვითი სისტემის გარღვევა და მიზნის მიღწევა, თანაც Starlink-ის თანამგზავრული სისტემის დახმარების გარეშე.
„წლების განმავლობაში რუსეთი მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ყირიმის ხიდი პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტი იყო. დღეს კი მისი ნაწილები ზღვის ფსკერზე განისვენებს. ეს მხოლოდ ხიდის ნგრევა არ ყოფილა - კიდევ ერთხელ შეირყა რუსეთის ძლევამოსილების მითი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, ყირიმის ხიდზე დარტყმის მიზნით წარმატებული, მრავალეტაპიანი სპეციალური ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა. დარტყმების შედეგად მთლიანად განადგურდა ხიდის ერთ-ერთი ფოლადის თაღი და მის ქვეშ არსებული საავტომობილო მონაკვეთი. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ხიდის სარკინიგზო ნაწილიც. ოპერაცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შვიდ ეტაპს მოიცავდა.
პირველ ეტაპზე СБУ-მ და თავდაცვის ძალებმა სისტემურად გაანადგურეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შემდეგ უშუალოდ ხიდზე დარტყმები განხორციელდა.
ზოგიერთი დარტყმა СБУ-მ დამოუკიდებლად განახორციელა, ხოლო ოპერაციის საბოლოო ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდნენ.
СБУ-ს სპეციალური დანიშნულების დანაყოფმა, „ალფას“ მებრძოლებმა, ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთს „პალიანიცას“ ტიპის სარაკეტო დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც კონსტრუქცია წყალში ჩაინგრა“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა, არტიომ დეხტიარენკომ.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც ხიდზე შეჩერდა ავტოსატრანსპორტო და სარკინიგზო გადაადგილება, ასევე სრუტეში დაუშვებელია ნაოსნობა, ანექსირებული ნახევარკუნძული რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას.
პირველ რიგში, ეს უარყოფითად აისახება უკრაინის აღმოსავლეთით განლაგებულ რუსულ საოკუპაციო არმიაზე, რომელსაც ლოგისტიკური პრობლემები შეექმნება, რადგან ქერჩის ხიდი ძირითად მომმარაგებელ დერეფანს წარმოადგენდა.
ამასთან, ბლოკადაში აღმოჩნდებიან ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ კიევიდან მოთმინებისკენ მოუწოდებდნენ.
მართალია, ნახევარკუნძულის სრულ ბლოკადაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა მოსკოვში იმედოვნებენ, რომ ვითარების გამოსწორებას „უახლოეს მომავალში შეძლებენ“.
„საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ჩვენი სამხედროები დარტყმებს ახორციელებენ იმ ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. თავის მხრივ, უკრაინაც აგრძელებს ტერორისტული ხასიათის დარტყმებს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
„როგორც მოგეხსენებათ, მტერმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა განახორციელა. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. თუმცა, პრეზიდენტის დავალებითა და რუსეთის მთავრობასთან კოორდინაციით, ყველა საჭირო ზომას ვიღებთ, რათა ხიდის ნორმალური ფუნქციონირება უმოკლეს ვადაში აღდგეს.
ამასობაში, მათთვის, ვისაც ქერჩის სრუტის ერთი ნაპირიდან მეორეზე სასწრაფოდ გადასვლა სჭირდება, ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია ყირიმის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება…
გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს და ნუ აჰყვებით ყალბ ამბებსა თუ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. ამ რთულ პერიოდსაც ერთად გადავლახავთ და დარწმუნებული ვართ, რომ შექმნილი ვითარებიდან ღირსეულად გამოვალთ“, - განაცხადა ანექსირებული ყირიმის ე.წ. „გუბერნატორმა“, სერგეი აქსიონოვმა.
რუსული მხარის განცხადებებს პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი, რომლის თქმითაც, მოსკოვს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, დათანხმებოდა მშვიდობას და შეენარჩუნებინა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
მიუხედავად მიღწეული შედეგისა, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა ამერიკელების მეტი ჩართულობა და დახმარება.
„რუსეთს დიდი ხანია ვეუბნებით: შეწყვიტეთ ხიდებზე, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რკინიგზასა და მარცვლეულით დატვირთულ გემებზე დარტყმები. საკმარისია ეს ომი! თუმცა, ყოველ ჯერზე რუსეთი ესკალაციის კიდევ უფრო გაღრმავებას ირჩევს. ამიტომ უკრაინულმა რაკეტებმა და დრონებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს რუსეთის სამხრეთში მდებარე მნიშვნელოვან სამხედრო-სატრანსპორტო არტერიას.
დაახლოებით ორი წლის წინ ამერიკაში ბევრს საუბრობდნენ პრინციპზე - „მშვიდობა ძალის მეშვეობით“. დღეს ამ ფრაზას თითქმის აღარ ვისმენთ, სამწუხაროდ, თუმცა, ეს პრინციპი კვლავ აქტუალურია. მშვიდობა მათთან მიდის, ვისაც სიცოცხლის დაცვა შეუძლია და ამაში უფრო ეფექტიანია, ვიდრე ისინი, ვინც მის განადგურებას ცდილობს.
რუსეთი ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გარეშე - ეს არის რუსეთი, რომელსაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულების საფუძველი ექნება.
ამერიკას შეუძლია ხელი შეუწყოს ამ მიზნის მიღწევას. ყველამ იცის, რა არის ამისთვის საჭირო. ყველას ესმის, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, შედეგი გამოიღოს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მოგვეცეს საკუთარი თავის ამგვარი დაცვის შესაძლებლობა - იმის ნაცვლად, რომ გაიხსნას სატელიტური კავშირის შესაძლებლობები ჩვენს საზღვრებთან ახლოს განლაგებულ რუსულ და ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დარტყმების განსახორციელებლად - საპირისპიროს ვხედავთ.
სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
2014 წლის მარტში ჩატარებული დე ფაქტო „რეფერენდუმის“ შემდეგ, რომლის შედეგებსაც მხოლოდ მოსკოვი აღიარებს, პუტინის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეზე 19-კილომეტრიანი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ანექსირებულ ყირიმსა და კრასნოდარის ოლქს.
ამბიციური პროექტი, რომლითაც კრემლი მუდმივად თავს იწონებდა, მოსკოვს 4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. ხიდი პუტინმა თავად გახსნა, რომლისთვისაც ის სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან ყირიმის ანექსია მისი პრეზიდენტობის მთავარი მონაგარია.
ხიდი უკრაინის დარტყმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა და 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში სერიოზული დაზიანებებიც მიიღო. თუმცა, არც ერთ ამ თავდასხმას მისი საბოლოო მწყობრიდან გამოყვანა არ მოჰყოლია.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე ოპერაცია რუსეთის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის კიევის, ზაპორიჟიეს, დნიპროსა და ოდესის ოლქში მდებარე ხიდებზე, უწყვეტი თავდასხმების საპასუხო მოქმედებაა.
