19 წლის მიქაელ ღამბაშიძე სასტუმრო „ჰილტონში” უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობს. ამ სასტუმროში მუშაობას დაწყებამდე მიქაელმა პროფორიენტაციისა და დასაქმების სპეციალური პროგრამა სოციალურ საწარმო „ბაბალეში” გაიარა.
„დილით ადრე ვდგები, 9 საათზე გამოვდივარ სახლიდან და 10 საათზე უკვე ვარ სასტუმროში. ვიცვამ ტანსაცმელს და ვმუშაობ 3 საათამდე. სამზე მივდივარ სახლში. მიმტანი ვარ. გასარეცხი თეფშები მიმაქვს, დანა-ჩანგალს და ხელსახოცებს ვასწორებ”, – ამბობს მიქაელ ღამბაშიძე.

დასაქმების პროგრამა, რომელიც მიქაელმა გაიარა, ოთხი ნაწილისგან შედგება – შემოქმედებითი, წინა პროფესიული, სტაჟირებისა და დასაქმების საფეხურებისგან, რომლებიც სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი.
გაკვეთილი, რომელსაც ეს მონაწილეები გადიან, შედარებით უფროსი ასაკის, სტაჟირების საფეხურზე მყოფი ბენეფიციარებისთვისაა…
ჯგუფთან ამჟამად ფსიქოლოგი და მენტორი მუშაობენ.
„ოთხივე საფეხურის მონაწილეები გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგს სხვადასხვა თემატიკაზე, ამ პროგრამის მიზანია, რომ მისი დასრულების შემდეგ ბენეფიციარებმა დამოუკიდებლად შეძლონ თვითპრეზენტაცია, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ დასაქმებაში, რეზიუმეს შედგენა იქნება ეს თუ თვითპრეზენტაცია ინტერვიუს დროს. მთლიანად ეს პროგრამა გათვლილია, რომ ფუნქციური უნარ-ჩვევები და კომუნიკაციის უნარები გაიუმჯობესონ და უკეთ შეძლონ ემოციების მართვა”, – ამბობს პროგრამის კოორდინატორი ნუცა იაშვილი.
„ჯერჯერობით მხოლოდ მიქაელია, რომელიც „ჰილტონშია” დასაქმებული, დანარჩენებმა ჯერ მოსინჯეს – რამდენიმე კომპანიაში გაიარეს სტაჟირება და ბოლო საფეხურზე რომ გადავლენ, მერე უკვე უნდა ვნახოთ… რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს. ბევრ ადამიანს უნდა ჩართვა ამ პროგრამაში და ყველაზე სუსტი წერტილი ეს არის ჩვენი, რომ არ გვაქვს ფართი და მხოლოდ 20 მოზარდის მიღება შეგვიძლია ამ წუთას. ამიტომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავფართოვდეთ”, – ამბობს ნინო სიხარულიძე, პროფორიენტაციის და დასაქმების პროგრამის მენტორი.

თიხაზე მუშაობა „ბაბალეს” ტრადიციული რუტინის განუყოფელი ნაწილია. საახალწლო სუვენირები და ჭურჭელი ბენეფიციარებმა ჯერ ღუმელში უნდა გამოწვან, შემდეგ კი საკუთარი ხელით მოხატონ.
„ამ პროგრამაში არ ვართ ორიენტირებულები მხოლოდ ახალგაზრდებზე, რომლებიც ჩვენთან არიან, არამედ ორიენტირებულები ვართ დასაქმების ბაზარზეც. ერთი მხრივ ჩვენი ახალგაზრდები მზად უნდა იყვნენ დასაქმებისთვის, მეორე მხრივ, მზად უნდა იყვნენ კომპანიებიც, რომლებმაც უნდა შექმნან ინკლუზიური გარემო”, – ამბობს ქეთი არჯევანიძე, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის” განათლებისა და განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი.
სოციალური საწარმო „ბაბალე“ „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა გაერთიანებამ 2015 წელს მცირე გრანტით დააფუძნა. 2018 წლიდან კი ეს წამოწყება „დაუნის სინდრომის ასოციაციის” სოციალური საწარმოდ იქცა.
