მთავარისაქართველოუდაბნოს მტვერი ბრუნდება

უდაბნოს მტვერი ბრუნდება

თბილისში ჰაერის დაბინძურების მატებას კვლავ ელოდებიან. ბარსელონის მტვრის  რეგიონული ცენტრის მონაცემებით, 6 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე – დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთში, მტვრის მასების კიდევ ერთი შემოჭრაა  მოსალოდნელი.

„ისევ ბრუნდება უდაბნოს მტვერი, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან გვიტევს ამჯერად – ბარსელონის მტვრის  რეგიონული ცენტრის მონაცემები, საშუალებას იძლევა, რომ შესაბამისმა უწყებებმა მოსახლეობას წინასწარ აცნობონ მოსალოდნელი დაბინძურების შესახებ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოდის დიდი კონცენტრაცია – რუკაზე ძალიან კარგად ჩანს ფერებით, დაახლოებით რა კონცენტრაცია უახლოვდება საქართველოს, რომელი მხრიდან და განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობა გააფრთხილოს იმ ჯანდაცვითი რეკომენდაციებით, რომლებიც ისედაც არის განთავსებული ოფიციალურ ვებგვერდზე, უბრალოდ ეს მონაცემები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს”, – ამბობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ექსპერტი ნოე მეგრელიშვილი, რომელიც ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტს წლების განმავლობაში იკავებდა.

ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2 დეკემბერს გაავრცელა, მანამდე, საქართველოს რამდენიმე ქალაქში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მაღალი ნიშნულები თითქმის მთელი თვის განმავლობაში ვლინდებოდა. სააგენტოს ვებგვერდზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებიც არის განთავსებული, რომლებიც ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების საშუალო, ცუდი და ძალიან ცუდი მაჩვენებლების დროს, გულისა და ფილტვის დაავადებების მქონე პირებს, ბავშვებსა და ხანდაზმულებს, გარე ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

რამდენად ხშირია ჩვენს რეგიონში მსგავსი ტიპის დაბინძურება?

„საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მინიმუმ ყოველთვიურად მეორდება, თუმცა ბოლო პერიოდში იყო ძალიან ხანგრძლივი და ძალიან მაღალი კონცენტრაციებით გვქონდა. არის, რომ გრძელდება ხანგრძლივად, მაგრამ დაბალი კონცენტრაციებით. აი, 6 ნოემბრიდან თითქმის 1 თვე გაგრძელდა თან უწყვეტად და მაღალი კონცენტრაციებით. ამან გამოიწვია, რომ ჩვენი მონიტორინგის სადგურები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ, სადაც pm ნაწილაკები იზომება, გაწითლებული ან გაშინდისფრებული იყო, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხნით არის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი, უფრო იზრდება რისკები”, – ამბობს ნოე მეგრელიშვილი.

რას წარმოადგენს  PM ნაწილაკები, რომელთა გაზომვაც ჰაერის დაბინძურების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკები, რომლებიც მყარი ნაწილაკებისა და წვეთების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი, როგორებიცაა: მტვერი, ჭვარტლი ან კვამლი, მათი შეფერილობის გამო თვალითაც საკმარისად ხილულია, თუმცა ზოგიერთი იმდენად მცირეა, რომ მათი აღმოჩენა მხოლოდ მიკროსკოპის დახმარებით არის შესაძლებელი.

„PM10 და PM2,5 შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც თვალით უხილავი მტვერი, თუმცა რაც უფრო მცირე ზომისაა მტვრის ნაწილაკი, მით უფრო სახიფათოა, მით უფრო ღრმად აღწევს ჩვენს ორგანიზმში – ფილტვებში, ბრონქებში, ზოგი იმდენად მცირეა, რომ შეიძლება პირდაპირ სისხლშიც მოხვდეს ფილტვებიდან – რაც უფრო წვრილია, მით უფრო მავნეა და სწორედ ამიტომ ზომავს თანამედროვე სამყარო და მათ შორის საქართველოს მონიტორინგის სისტემა ევროპული ტექნიკითა და მეთოდოლოგიით, რომ გავზომოთ ის ნივთიერებები, რომლებიც ყველაზე საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენი სუნთქვის სისტემა გარკვეულწილად აკავებს მსხვილ ნაწილაკებს, აი, უწვრილესი ნაწილაკების შეკავება თითქმის ვერ ხდება”, – განმარტავს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ექსპერტი.

„ის ნაწილაკები, რომელთა დიამეტრიც არის 5-დან 10 მიკრონამდე, ყველაზე საშიშია, რადგან ისინი ჩადიან ღრმად სასუნთქ სისტემაში, ფილტვების იმ უმცირეს წარმონაქმნებში, რომლებიც ზიანდება. ყველაზე საშიში ეს არის, რადგან ეს რჩება ფილტვებში. 10 მიკრონის ზევით კი ნაკლებად საშიშია, რადგან ადვილად ილექება ზემო სასუნთქ გზებში, განსაკუთრებით ცხვირის ლორწოვანის გარსი ამას აკავებს. 5-დან ქვემოთ – ყველაზე მცირე ნაწილაკები ნაკლებად საშიშია, რადგან ისინი როგორც ჩადიან ფილტვებში, ისევე ამოდიან უკან, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა უკვე ამ ნაწილაკების ქიმიური ბუნება. რადგან ზემოქმედებას მაინც ახდენენ ორგანიზმზე – გააჩნია ზემოქმედების ხანგრძლივობას.

განსაკუთრებით მოწყვლადი ჰაერის მსგავსი დამაბინძურებლების მიმართ არიან ბავშვები, რომელთა სასუნთქი სისტემა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ დაცვა და ადაპტაცია  ნაკლებია… ასევე რისკის ჯგუფში არიან ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანში შესული ადამიანები, ვისაც ალერგიული დაავადებები ან ბრონქული ასთმა აღენიშნება ან სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები აქვს”, – ამბობს მარინა გიორგობიანი, ექიმი-ჰიგიენისტი და ეკოტოქსიკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.

ეკოტოქსიკოლოგი თბილისში ჰაერის ხშირ დაბინძურებას ქალაქის გეოგრაფიული მახასიათებლებითა და მეტეოროლოგიური პირობებით ხსნის.

„თბილისში, ფაქტობრივად, ჰაერი არ მოძრაობს – ფოთოლიც კი არ მოძრაობდა, არ ირხეოდა მთელი თვის განმავლობაში, ამას ემატება თბილისის მდებარეობა და მისთვის დამახასიათებელი ქვაბული, რომელიც ძალიან რთულად ნიავდება. როდესაც ჰაერი ასეა გაჩერებული, ის გაცილებით უფრო ბინძურდება… ამას ემატება, ცხადია, ქალაქისთვის დამახასიათებელი ატმოსფერული დამაბინძურებლები, როგორებიცაა: ტრანსპორტი, საყოფაცხოვრებო, სამშენებლო მტვერი და მასთან ასოცირებული სხვადასხვა ნაწილაკი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთ გარემოში ფიზიკურად დატვირთვა, არამარტო პატარებისთვის, არამედ ზრდასრული, თუნდაც, სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვის”, – ამბობს გიორგობიანი.

სპეციალისტების შეფასებით, კლიმატის ცვლილება დამატებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მომავალში დაბინძურების რისკებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის.

„ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილება ზრდის გაუდაბნოებას ანუ უდაბნოების ფართობი ბუნებრივად იზრდება, თუ ადამიანი მათ არ ამწვანებს, რაც, ცხადია, ნიშნავს მეტ მტვერსა და უფრო დიდ შტორმს, რომელიც უფრო დიდ მანძილზე გადაადგილდება. გარდა ამისა, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება ქარიც და იცვლება კლიმატი – ამიტომ გაცილებით უფრო მძლავრი შტორმია მოსალოდნელი და უფრო დიდი ალბათობით, ვიდრე აქამდე იყო. რა თქმა უნდა, ეს უფრო ამძიმებს ვითარებას და უფრო დიდ ტერიტორიებზე ავრცელებს დაბინძურებას… საქართველო ისედაც მოწყვლადია, საკმაოდ ახლოსაა როგორც საჰარის უდაბნოსთან, ისე არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოებთან – გარშემორტყმულია უდაბნოებით, რის გამოც შეიძლება კიდევ უფრო გახშირდეს ასეთი ფენომენი”, – ამბობს ნოე მეგრელიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend