ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
მას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი ევროკომისარი, კაია კალასი უძღვება. განხილვის ცენტრალური საკითხია რუსეთის აგრესია უკრაინაზე, კერძოდ განიხილება ის ნაბიჯები, რომლებიც რუსულ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებით უნდა იქნას გადადგმული. მინისტერიალზე მოწვეულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰაც, რომელიც ევროპელ კოლეგებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას გააცნობს.
„ძალიან დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს. პირველ რიგში ვისაუბრებთ უკრაინის საკითხზე, რომელზეც ძალიან კარგი გეგმა შევიმუშავეთ. კერძოდ იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია დამატებით გავაკეთოთ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან მიმართებით. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამას ნამდვილად დიდი გავლენა აქვს რუსეთის შემოსავლებზე ამ ომის დასაფინანსებლად. რა თქმა უნდა, განვიხილავთ ასევე ბოლო განვითარებებს. ევროპელები მუდამ უჭერდნენ მხარს, გრძელვადიან და მყარ მშვიდობას. მივესალმებით ყველანაირ ძალისხმევას ამის მისაღწევად. ნათელია, რომ ნებისმიერი გეგმის შემუშავებაში, ჩართულები უნდა იყვნენ უკრაინელები და ევროპელები. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორი და ერთი მსხვერპლია – თუმცა რუსეთის მხრიდან დათმობები არ გვინახავს. თუ რუსეთს მართლაც სურს მშვიდობა, ცეცხლის უპირობო შეწყვეტას აქამდე დათანხმდებოდა. უკრაინაზე თავდახმების 93% – სწორედ სამოქალაქო ინფრასტქრუქტურაზე მოდის – სკოლებზე, საავადმყოფოებზე და საცხოვრებელ სახლებზე, რომ გამოიწვიოს მაქსიმალურად დიდი ტანჯვა. დღეს ასევე განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთს და ჩვენი მანდატების გაზრდის საკითხს. ჩვენ უკვე გვაქვს ევროპოლის მისია, რომელიც პალესტინელ მთავრობასთან მუშაობს. საუბარია რეფორმებზე და იმ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც 3-დან 4000 პოლიციელამდე გაიწვრთნება. ჩვენ ვეხმარებით მათ ნდობის აღდგენასა და სხვა მიმართულებებით. ევროპა მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპს”– აღნიშნა შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, მაგრამ სწორედ ევროპაა უკრაინის მთავარი მხარდამჭერი და ეს სწორედ ევროპის უსაფრთოებას ეხება. ამიტომ ველით, რომ ახალ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენთან კონსულტაციას გაივლიან. რუსეთი აგრესორია, იმედია რომ მსხვერპლს არ მოუწევს თავდაცვის შესაძლებლობების შემცირება, არამედ აგრესორს შეუმცირდება აგრესიის განხორციელების შესაძლებლობები. ცუდი აქტორები იპოვნიან ახალ გზებს, რომ ცუდად მოიქცნენ, პოლონეთში მომხდარი საბოტაჟის შემდეგ, ამჯერად მიზანი პოლონეთის მოქალაქეების მკვლელობა იყო და ამას ასე არ დავტოვებთ. ორიდან სამი ასაფეთქებელი იქნა აქტივირებული, მესამეს რომ ემუშავა მეტი პროპორციის ტრაგედიასთან გვექნებოდა საქმე. ჩვენ ვიცით, რომ ეს ბელარუსიდან განხორციელდა. დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან. ისინი რუსეთის აგენტები იყვნენ. ამასთან გეტყვით, რომ მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, პოლონეთში დავხუროთ რუსეთის უკანასკნელი საკონსულო გდანსკში, შევზღუდავთ რუსი დიპლომატების მიმოსვლას პოლონეთში და წლის ბოლოს ას მილიონ დოლარს გავუგზავნით უკრაინას შეიარაღებისთვის. და ეს ყველაფერი არ არის”– აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.
მინისტრები აქტიურად განიხილავენ აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვითარდება. ღაზის ირგვლივ არსებული სამშვიდობო გეგმის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები ევროპელებიც. კერძოდ, ეს ეხება იმ პალესტინელი სამართალდამცველების გაწვრთნას, რომლებმაც ადგილზე უნდა იმუშაონ. ევროპელი მინისტრების განხილვის თემებს შორისაა აფრიკაც, კერძოდ საჰელის რეგიონსა და სუდანში მიმდინარე პროცესები. ბრიუსელში არიან სტუმრად ტაჯიკეთის, დასავლეთ ბალკანეთისა და ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებიც, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას განიხილავენ. განხილვის თემა არ ყოფილა საქართველო, თუმცა კითხვის პასუხად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ფრანგი დიპლომატი გამოეხმაურა.
„ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში ახლო აღმოსავლეთის ირგვლივ, ეს გულისხმობს ჰუმანიტარულ ძალისხმევასა და რეკონსტრუქციას, ასევე მთავრობის ჩამოყალიბებას პალესტინაში. ასევე უსაფრთხოების გაძლიერებას პალესტინური პოლიციის გაწვრთნით, საუბარია 3000 პოლიციელზე, ამ მიზანს მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ჩვენი მხრიდან ადგილზე გავგზავნოთ 100 ფრანგი პოლიციელი მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება უკრაინას, დისკუსიები უნდა დაიწყოს კონტაქტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტით, ეს კი მისცემდა შანსს მოლაპარაკებებს ტერიტორიების საკითხზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს ვთქვით ჩვენც და პრეზიდენტმა ტრამპმაც და ვიცით, რომ უკრაინა ამაზე თანახმაა, ერთადერთი დაბრკოლება ამ მხრივ ვლადიმერ პუტინია. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას საქართველოზე, ჩვენი გზავნილი ქართველ ხალხთან ისაა, რომ ვაფასებთ მათ ძალისხმევას თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის გზაზე. რაც შეეხება ხელისუფლებას, მე რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, გამომეხატა ჩვენი ხედვები პირადად მათთან, ვისაც ეს ეხებოდა” – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

