ბულგარეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დიმიტარ სტოიანოვმა სოფიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი სამხედრო გზით ვერ დასრულდება და კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ადამიანური დანაკარგების ზრდას იწვევს. სტოიანოვის შეფასებით, უკრაინას ამ ეტაპზე უფრო მეტად ადამიანური რესურსი სჭირდება, ვიდრე დამატებითი შეიარაღება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი, რომლის მთავრობაც აპრილის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ჩამოყალიბდა, უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგ წლებია გამოდის და კონფლიქტის მოგვარების გზად დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ასახელებს.
„ჩვენ უკვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბრძოლის ველზე ვერ დასრულდება. რასაც დღეს ვხედავთ, გამოფიტვის ომია და რამდენი იარაღიც არ უნდა დაგროვდეს, მისი ერთადერთი შედეგი ადამიანების სიცოცხლის დაკარგვაა.
დროა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, რათა ორივე მხარისთვის მისაღები და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზები მოიძებნოს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, თუმცა მისთვის შუამავლის ფუნქციის დაკისრება რთულია, რადგან ევროკავშირი ამ ომის განმავლობაში უკრაინას სხვადასხვა ფორმით თავადაც ეხმარებოდა.
უკრაინას უფრო მეტი ადამიანი სჭირდება და არა მეტი იარაღი. მას უკვე საკმარისი შეიარაღება აქვს, ამიტომ უკრაინის არმიისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას არ განვიხილავთ” - განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა დიმიტარ სტოიანოვმა.
ნატოსა და ევროკავშირის წევრი ბულგარეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან უწევდა. ძირითადად საბჭოთა პერიოდის შეიარაღების მიწოდება ომის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა შიდა პოლიტიკური უთანხმოებების გამო, დახმარების დიდი ნაწილი მესამე ქვეყნების გავლით იგზავნებოდა.
ამასთან, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს და 2030 წლისთვის ამ მიმართულებით მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტის დახარჯვას აპირებს.
