რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად, ოთხშაბათს რომში პრესასთან შეხვედრა გამართა უკრაინელი ბავშვების დელეგაციამ – მოზარდებმა, რომლებიც რუსულმა ძალებმა გაიტაცეს და მოგვიანებით უკრაინაში დაბრუნდნენ. ზელენსკის ოფისის მაღალჩინოსნის თქმით, „უკრაინას სურს ვატიკანის, როგორც შუამავლის როლის ფორმალიზება მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლების პროცესში“.
უკრაინის საელჩოს გადაჭედილ დარბაზში 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები, ბებია-ბაბუებთან და ნათესავებთან ერთად, ჟურნალისტებს საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბობდნენ. ნაწილი მათგანი ოკუპირებულ დონეცკში ცხოვრობდა, ნაწილი კი რუსეთის შეტევისას სხვა რეგიონებში ტყვედ აიყვანეს. ისინი უკრაინაში პროგრამა „დააბრუნეთ ბავშვები უკრაინაში“ (Bring Kids Back Ukraine)-ის საშუალებით დაბრუნდნენ.
მათი ჩვენებები კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ შემადგენელს: იძულებით რუსიფიკაციას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ინდოქტრინაციას, დეპორტაციას და რიგ შემთხვევებში – წამებასაც.
პროექტის მიხედვით, ეს ოპერაციები მიზნად ისახავს „უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლას ან ახალგაზრდა უკრაინელების მომავალ ჯარისკაცებად ჩამოყალიბებას“.
იტალიის ადამიანის უფლებათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ელეონორა მონჯელიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსეთის კონტროლის ქვეშ დღემდე 1.6 მილიონამდე უკრაინელი ბავშვი რჩება“.
უკრაინამ ჯერჯერობით დაახლოებით 1600 ბავშვი დაიბრუნა – მესამე მხარის შუამავლობით, მათ შორის ყატარის, სამხრეთ აფრიკისა და ვატიკანის დახმარებით.
ოფიციალური მონაცემებით, 19 500-ზე მეტი ბავშვის გატაცების შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალური რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია. იელის უნივერსიტეტის კვლევების ლაბორატორია ვარაუდობს, რომ 2025 წლის მარტისთვის დეპორტირებული ბავშვების რაოდენობა 35 000-ს უახლოვდება.
ამავდროულად, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა, მარია ლვოვა-ბელოვამ თავად განაცხადა, რომ „რუსეთმა 2022 წლის თებერვლიდან, 2023 წლის ივლისამდე 700 000 უკრაინელი ბავშვი მიიღო“.
„ფილტრაციის ბანაკები“
პრესასთან საუბარში, ბავშვებისა და მათი ახლობლების უმეტესობამ გაიხსენა „ფილტრაციის ბანაკების“ გამოცდილება – ობიექტების, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის სკრინინგისა და კონტროლის სისტემად გამოიყენება ოკუპირებულ რეგიონებში.
იულია დვორნიჩენკო, რომელიც რუსეთის ტროლირებულ ტერიტორიებზე ორი წლის განმავლობაში იყო დაკავებული, ამბობს:
„ისინი ამოწმებენ ტატუებს, რომ ნახონ, გაქვს თუ არა უკრაინული სიმბოლო. ასევე ამოწმებენ ტელეფონს – ფოტოებს, ნომრებს, ყველაფერს, რაც უკრაინასთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში არ გიშვებენ და ამას შეიძლება მოჰყვეს პატიმრობაც“.
ბევრი ბავშვი სწორედ ამ ბანაკებში გამოეყო ოჯახის წევრებს. ლიუდმილა სირიკის შვილიშვილი, ალექსანდრი, 2022 წელს მარიუპოლში დაბომბვის შემდეგ ტყვედ აიყვანეს. ფილტრაციის დროს, ის დედას დააშორეს და ოკუპირებულ დონეცკში გადაიყვანეს. უკან უკრაინაში ბებიამ შეძლო მისი დაბრუნება.
„იძულებული ვიყავი მეთქვა, რომ რუსეთი მიყვარდა“ – ვერონიკა ვლასოვას ისტორია
13 წლის ვერონიკა ვლასოვა, 2022 წელს რუსეთში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი სოფელი, ხერსონის რეგიონში ალყაში მოექცა. ის იძულებული გახადეს რუსულ სკოლაში ევლო. იქ სადაც რუსი ბავშვები დასცინოდნენ და ემუქრებოდნენ. ევრონიუსთან საუბარში ვერონიკა იხსენებს:
„მჩაგრავდნენ იმის გამო, რომ უკრაინელი ვიყავი. იძულებული ვიყავი მეთქვა, რომ მიყვარდა რუსეთი, თორემ მცემდნენ“.
ვლასოვას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ უკრაინაში დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა:
„მეუბნებოდნენ, რომ უკრაინა აღარ არსებობდა, რომ რუსეთი ერთადერთი არჩევანი იყო და ჩემთვის უკეთესი იყო იქ დარჩენა“.
ყველაზე ტრავმული მომენტი მაშინ იყო, როდესაც დეიდას დააშორეს და ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, სადაც ორი კვირა იზოლაციაში გაატარა.
დღეს, უკვე 16 წლის ასაკში, ის კიევში ცხოვრობს და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადის.
„ბავშვებმა შეიძლება საერთოდ დაკარგონ თავისუფალი ნება“
პროექტის ხელმძღვანელმა მაქსიმ მაქსიმოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა მხოლოდ დაბრუნებული ბავშვების რაოდენობა არ არის:
„რეალური საკითხი ის არის, რას განიცდიდნენ ეს ბავშვები ტყვეობისას და რა მდგომარეობაში ბრუნდებიან ისინი“.
მისივე თქმით, რუსეთის მიდგომა მიზანმიმართულია:
„რუსეთის ფედერაციას სურს, რომ ბავშვებმა 18 წლამდე ისწავლონ გარკვეული ‘ჭეშმარიტებები’: რომ ყველა მტერია და არავის ენდონ. ეს მათ უკიდურესად დაუცველს ხდის“.
ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ბევრ ბავშვს მძიმე, ხანგრძლივი შედეგები აქვს:
„ბავშვები უკიდურესად მორჩილები ხდებიან – თითქოს საერთოდ დაკარგეს თავისუფალი ნება“, – ამბობს მაქსიმოვი.
ჯიორჯია ორლანდი, საშა ვაკულინა


