კიევში აზერბაიჯანის საელჩოს დაბომბვის გამო ბაქომ რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 14 ნოემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმისას, „სრულად განადგურდა საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილი, ასევე დაზიანდა სამსახურებრივი მანქანები და დიპლომატიური მისიის შენობა“.
აზერბაიჯანის დიპლომატიური უწყების თანახმად, რუსეთის ელჩთან შეხვედრისას მას განუმარტეს, რომ მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება „საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს“, ასევე რუსული მხარისგან მოითხოვეს საკითხის შესაბამისი გამოძიება.
ბაქო განმარტავს, რომ მიხალ ევდოკიმოვს ასევე შეახსენეს ადრე განხორციელებული თავდასხმა აზერბაიჯანულ ობიექტებზე. კერძოდ, დიპლომატიური უწყების განცხადებაში ჩამოთვლილია 2022 წელს ხარკივში აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოს შენობაზე რუსეთის საჰაერო დარტყმა, 2024 და 2025 წლებში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაციულ შენობებთან ახლოს საბრძოლო მასალის ზემოქმედება და 2025 წლის აგვისტოში ოდესის რეგიონში SOCAR-ის ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა.


