მიმდინარე თვეში უკვე მესამედ და სულ რამდენიმესაათიანი შუალედით, უკრაინულმა ძალებმა ანექსირებული ყირიმის ხიდს დაარტყეს.
ამჯერად, სამიზნეში მოხვდა ხიდის კიდევ ერთი სარკინიგზო მონაკვეთი, რომელიც კონსტრუქციის სხვა ნაწილების, მათ შორის ერთ-ერთი საყრდენი თაღის მსგავსად, წყალქვეშაა მოქცეული.
კიევის გარდა, ინფორმაციას ახალი დარტყმების შესახებ ადასტურებს მოსკოვის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის დე ფაქტო „გუბერნატორი“ სერგეი აქსიონოვიც, რომლის თქმითაც ხიდზე მოძრაობა სრულად შეჩერდა და ამჟამად მიმდინარეობს მიყენებული ზიანის დათვლა.
უკრაინული სამხედრო Telegram-არხები ვარაუდობენ, რომ მორიგი იერიშების მიზანი იყო სარკინიგზო მონაკვეთისა და მეორე თაღის მთლიანად ჩამოშლა.
საგულისხმოა, რომ კიევი ამ ოპერაციას ატარებს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების, მათ შორის საკუთარი წარმოების FP-5 Flamingo-ს ტიპის რაკეტის გამოყენებით, თანაც იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი ირწმუნება ყირიმის ხიდის „უპრეცედენტო დაცულობაზე“, ხოლო უკრაინულ მხარეს ილონ მასკის თანამგზავრულ სისტემა Starlink-ზე შეზღუდული წვდომა აქვს.
პარალელურად, კიევი არ ამბობს უარს დიპლომატიურ ძალისხმევაზე და მიიჩნევს, რომ თუკი მოსკოვი მანამდე დათანმხდებოდა ცეცხლის თუნდაც დროებით შეწყვეტას, მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა არ მოჰყვებოდა უკრაინული დარტყმების ქვეშ.
ომში მყოფი სახელმწიფოს პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია პარტნიორების უფრო აქტიური ჩართულობა საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, რისთვისაც დიპლომატიასთან ერთად, საჭიროა ფინანსური თუ სამხედრო დახმარების გაწევა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ ევროპის კონტინენტზე ომის დასრულება, მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელია, რადგან საუბარია კონტინენტის ქვეყნებისა და მათი ათეულობით მილიონი მოსახლის მომავალზე.
„ჩვენ და ევროპელებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, საერთო პოზიცია გვაქვს: უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს, ხოლო ევროპასთან დაკავშირებული საკითხები - ევროპის მონაწილეობით. ეს ერთადერთი მიდგომაა, რომელიც შეიძლება არსებობდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
იერიშებს არ წყვეტს მოსკოვიც, თუმცა რუსული საოკუპაციო არმიის სამიზნეში კვლავ ამოღებულია საცხოვრებელი სექტორი და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები.
კიევში სატრანსპორტო კოლაფსია ქალაქის მთავარი ხიდების ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით დაბომბვის შედეგად. ამასთან, დრონებით იერიშები განხორციელდა კიევის პეჩერსკის დასახლებაში, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. არიან დაშავებულები.
„უბრალოდ კომპიუტერთან ვიჯექი და ეკრანს ვუყურებდი, როცა უცებ დავინახე, რომ ყველაფერი წითლად განათდა. შემდეგ კი დავინახე, როგორ მოფრინავდა შუშის ნამსხვრევები. მეგონა, ეს ყველაფერი პირდაპირ აქ, ჩემ გვერდით ხდებოდა. მაშინვე სააბაზანოსკენ გავიქეცი და თან ჩემი კატა ავიყვანე ხელში - მასაც სულ აკანკალებდა. ჩემს შეყვარებულს დავუყვირე, რომ ფანჯრის მინა ჩალეწილი იყო. ფანჯრიდან გავიხედე და ცეცხლი დავინახე. ფანჯარა აფეთქების შედეგად ბოლომდე გაიღო, მწერებისგან დამცავი ბადე კი მოგლეჯილი იყო“, - ამბობს კიევის ერთ-ერთი მცხოვრები.
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაარტყეს ქალაქ ოდესის ისტორიულ ცენტრსაც - იქ, სადაც კომერციული შენობების გარდა, მაღაზიები და კაფე-ბარებიც არის განლაგებული. ადგილობრივების ცნობით, იერიშები რამდენიმეწუთიანი ინტერვალით განხორციელდა, რამაც, სულ მცირე, 4 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი, სულ მცირე, 13-ს შეადგენს.
უკრაინის საპორტო ქალაქის მიმართულებით მოსკოვს პერიოდულად მიაქვს იერიშები.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრემლის მიზანია, დარტყმების შედეგად, ოდესას გაუქრეს მთავარი ეკონომიკური დანიშნულება და განადგურდეს მისი საპორტო ინფრასტრუქტურა.
