კატეგორიები

ზელენსკი ოლეშკის მსგავსი ჰუმანიტარული ოპერაციის მოწყობის ინიციატივით გამოდის

ზელენსკი ოლეშკის მსგავსი ჰუმანიტარული ოპერაციის მოწყობის ინიციატივით გამოდის
უკრაინის პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის მსგავსი ჰუმანიტარული ოპერაცია, რუსული არმიის მიერ ნაწილობრივ დაკავებულ კიდევ 10 ტერიტორიაზე ჩატარდეს, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება დგას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წევრებსა და სამხედრო მეთაურებთან ერთად გამართულ სხდომაზე იმსჯელა და განიხილა ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ დასახლებულ პუნქტებზეა საუბარი.

საგულისხმოა, რომ მსგავსი ინიციატივა 12 ნოემბერს აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან მოსკოვში შეხვედრისას წარადგინა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც, თუმცა მაშინ მან მხოლოდ ქალაქი კონსტანტინოვკა დაასახელა.

ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ამ ქალაქზე პუტინმა თქვა, რომ „მისი შეხედულებით, დასახლებულ პუნქტს რუსული ჯარები აკონტროლებენ“, რასაც უკვე მეოთხედ აცხადებს.

ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ინფორმაციის გადამოწმება რთულია, თუმცა უკრაინელი სამხედროებისა და საერთაშორისო მკვლევრების თქმით, რუსი სამხედრო შენაერთები კონსტანტინოვკას მხოლოდ აღმოსავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე განაპირა ზონებს აკონტროლებენ.

საგულისხმოა, რომ მსგავსად პუტინი ამტკიცებდა რუსული ძალების მიერ ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სრულ აღებასაც, თუმცა ეს ტერიტორია ჯერაც შეტაკებების წერტილია, ხოლო ფრონტისპირა ქალაქში გასული წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა და ვიდეომიმართვა ჩაწერა იმის დემონსტრირებისთვის, რომ კრემლი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ცდილობს არსებული რეალობის დამახინჯებას.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, პუტინის ჰუმანიტარულ შეთავაზებას კიევში განსაკუთრებული სიფრთხილით შეხვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრი ლიტვინის სიტყვებით, რუსებს კონსტანტინოვკაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა სურთ მხოლოდ საკუთარი სამხედროების როტაციისთვის - ისევე, როგორც ეს ოლეშკიში მოხდა.

თავად ქალაქ ოლეშკიში, რომელიც რუსული ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე მოექცა, ჰუმანიტარული ოპერაცია შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით 27 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა.

ამ პერიოდში მოეწყო სპეციალური უსაფრთხო დერეფანი, რომლის მეშვეობითაც ავტობუსების დახმარებით დაიწყო ადგილობრივთა ევაკუაცია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქიდან მოქალაქეთა უმრავლესობამ არჩია გადასვლა კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რისთვისაც ისინი ჯერ ბელარუსის სასაზღვრო ქალაქ ჰომელში, შემდეგ კი უკრაინის ჩერნიჰივის ოლქში გადაიყვანეს.

დაკავშირებული ამბები
ზელენსკი ოლეშკის მსგავსი ჰუმანიტარული ოპერაციის მოწყობის ინიციატივით გამოდის მესამედ არასრულ სამ დღეში - ანექსირებული ყირიმის ხიდს უკრაინამ ისევ დაარტყა