გასულ წელს ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პირველად, ჩინეთის ქალაქ შენჭენში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ. „ის ჩემი მეგობარია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, როცა რუს კოლეგასთან შესახვედრად ოთახში შევიდა. ორი ლიდერი ჩინეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში სტუმრობს.
ხუთშაბათსვე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უპრეცენდენტო სამხრივი სამიტიც უნდა გაიმართოს.
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთანავე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის პრეზიდენტთან მის „შესანიშნავ ურთიერთობას“ და თქვა, რომ ამ შეხვედრისგანაც „შესანიშნავ შედეგებს“ ელის.
„მოუთმენლად ველით ჩვენს შეხვედრას. მრავალი წელია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. ვფიქრობ, ამას ბევრი შესანიშნავი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ან სულ მცირე, მათ საფუძველი ჩაეყაროს. თუმცა, მგონია, რომ შედეგებს მივაღწევთ. როგორც ალბათ იცით, მოგვიანებით მეორე შეხვედრაც გვექნება. ახლა კი ეს შეხვედრა გაიმართება და ვფიქრობ, ის შესანიშნავი იქნება“, – თქვა მან.
ამ შეხვედრამდე ორივე ლიდერმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ გლობალური ეკონომიკის სტაბილურობის წინაშე არსებული მრავალი საფრთხის ფონზე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ერთიანი უნდა იყოს და თანამშრომლობის კონსტრუქციული დღის წესრიგი შეიმუშაოს.
აზია-წყნარი ეკანის ეკონომიკური თანამშრომლოის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან თავის „ძალიან მტკიცე“ ურთიერთობებს ხაზი დონალდ ტრამპმაც გაუსვა. მან ყურადღება ხელოვნურ ინტელექტზეც გაამახვილა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სეეწინააღმდეგება „ნებისმიერი ფორმის გლობალისტურ რეგულაციას ან მცდელობას, რომელიც სუპერინტელექტის კონტროლს ან მისი განვითარების შეფერხებას დაისახავს მიზნად“.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეხვედრას, რომელიც მას, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნდა გაიმართოს, „ისტორიული“ უწოდა.
„გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციის შედეგად შექმნილი დღევანდელი რთული ვითარების გათვალისწინებით, რაზეც ჩემმა სინგაპურელმა კოლეგამაც ისაუბრა, ასევე, მისი სტაბილურობის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევისა და საფრთხის ფონზე, APEC-მა ერთიანობის მაგალითი უნდა აჩვენოს და თანამშრომლობის კონსტრუქციული დღის წესრიგი შექმნას.
მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებთან კონსტრუქციული პარტნიორობა რუსეთისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენ ამ რეგიონის განუყოფელი ნაწილი ვართ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მის ეკონომიკურ კეთილდღეობაში. მიმდინარე წლის მხოლოდ პირველი რვა თვის განმავლობაში რეგიონის ქვეყნებთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა თითქმის მესამედით გაიზარდა, განსაკუთრებული აქცენტით არაენერგეტიკულ და ინოვაციურ სექტორებზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებთან რუსეთის საერთო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 60%-ით გაიზარდა“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.
„შეერთებული შტატები ასობით წელია წყნარი ოკეანის რეგიონში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს და ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას რეგიონში ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, სუვერენიტეტის, კეთილდღეობისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის ძალიან მტკიცე იყო.
ამერიკელებმა, ჩვენ ახლახან შევქმენით სუპერინტელექტი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ადამიანებისთვის უპრეცედენტო კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოაქვს. ამიტომ არ გვსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც ამ ტექნოლოგიის უზარმაზარ პოტენციალს გაანადგურებს. ეს სუპერინტელექტია. სწორედ ასე ჰქვია მას – სუპერინტელექტი. თუმცა, მას უნდა დავაკვირდეთ. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და გავუფრთხილდეთ მას. ეს ტექნოლოგია თითქმის აბსოლუტურად კარგია, თუმცა გარკვეული უარყოფითი მხარეებიც აქვს და მათი მართვისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ამიტომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ფორმის გლობალისტურ რეგულაციას ან მცდელობას, რომელიც სუპერინტელექტის კონტროლს ან მისი განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად. გულწრფელად რომ ვთქვა, ამის უფლებას არავის მივცემთ.
დღეს, აქ, ჩინეთში, მოუთმენლად ველი ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტ სისთან და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რათა სამივე ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობები განვიხილოთ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს სამმხრივ სამიტზე შეიკრიბებიან, დონალდ ტრამპი სი ძინპინსაც ცალკე შეხვდა.
მანამდე, ოთხშაბათს, ჩინეთის ლიდერი ამერიკელ კოლეგას შენჭენის აეროპორტში თაად დახვდა. პრეზიდენტები ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ – ისე, როგორც სექტემბერში სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტისას.
მიუხედავად დიდხნიანი კარგი ურთიერთობისა, ჩინეთის პრეზიდენტი შენჭენში ჩასულ რუს კოლეგას აეროპორტში არ დახვედრია.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ხუთშაბათს დაგეგმილ უპრეცედენტო სამმხრივ შეხვედრაზე სი ძინპინთან და ვლადიმირ პუტინთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების საკითხის განხილვას აპირებს. სამშაბათს მან განაცხადა, რომ მისი აზრით, შეთანხმება უკვე ძალიან ახლოსაა.
მოსალოდნელია, რომ სამი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ვაჭრობის, ბირთვულ და ირანში მიმდინარე ომის საკითხებსაც.
პეკინმა ეს სამმხრივი შეხვედრა დაახასიათა, როგორც „სიღრმისეული აზრთა გაცვლა მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხებზე“. თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ სამიტისგან „დიდ სარგებელს“ ელოდება.
ტრამპის შეხვედრებს ვაშინგტონის ორ უმთავრეს გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ევროპა და მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ბოლო თვეებში შეერთებული შტატების ურთიერთობები მის ტრადიციულ მოკავშირეებთან, მათ შორის ევროპულ ქვეყნებთან და კანადასთან, გაუარესდა.
