მომხმარებელთა უფლებების დაცვა, როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისთვის, ერთ-ერთ თანამედროვე გამოწვევას წარმოადგენს.
საქართველოში მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც ბიზნეს აქტორებთან რიგ პრობლემებს აწყდებიან, რამდენიმე უფლებადამცველი სააგენტო იცავს. მათ შორისაა კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ბანკი, სემეკი, კომუნიკაციების კომისია და ა.შ. ეს უწყებები, არამხოლოდ მომხმარებლების, არამედ ბიზნესსუბიექტების ინტერესებსაც იცავენ. უფრო სწორად, ცდილობენ მოქალაქესა და ბიზნესოპერატორს შორის ჯერ შუამავლობა იკისრონ, ამის შემდეგ კი სამართლებრივი დავა აწარმოონ. ამ უწყებების ორგანიზებით თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „კონკურენციისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ. პანელური დისკუსიისას, გამოიკვეთა ეკონომიკური ბაზრის თანამედროვე ტენდენციები – მონოპოლია და დემპინგი, უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა თაღლითობა თუ არაკეთილსინდისიერება ონლაინ ვაჭრობისას.
„წელს, ჩვენს სააგენტოს, მომხმარებელთა მხრიდან, განცხადებების მიღების 57%-იანი ზრდა აქვს. ამ საჩივრების უმეტესობა, დაახლოებით 90% გადაწყვეტილი არის მომხმარებელთა სასარგებლოდ. საკმაოდ სოლიდური თანხა დაუბრუნა ბიზნესმა ამ მოქალაქეებს. გამოწვევები რა თქმა უნდა ჯერ კიდევ რჩება და ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ აღმოვფხვრათ ისინი. პირველ რიგში, უფრო მეტად უნდა ავამაღლოთ მოქალაქეების ცნობიერება, რაც უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ჩართულობას დავების მოგვარებაში. მთავარი გამოწვევები კვლავ ონლაინ ვაჭრობიდან მოდის“, – აცხადებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
მოქალაქეთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა უმჯობესდება. თუმცა, მათივე თქმით, დიდ ბიზნესში სავარაუდო ფარული გარიგებებისა თუ დემპინგისა და მონოპოლიის წინაშე, მოქალაქეები ჯერ კიდევ დაუცველები არიან. ისინი სახელმწიფოს, კანონების გამკაცრებისა და ეფექტური აღსრულებისკენ მოუწოდებენ.
„პრობლემატური საკითხია ანტიმონოპოლიური მდგომარეობის შესწავლა და ამ მიმართულებით მსჯელობა აუცილებელია. ასევე, ბაზრის სფეროში დომინანტი სუბიექტების ურთიერთობისა და შესაძლო ფარული კავშირების საკითხი, რისი მოწესრიგებაც ეკონომიკისა და ბაზრის განვითარებისთვის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის კი არამხოლოდ კანონმდებლობის მოწესრიგება, არამედ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნების გამოჩენა უმნიშვნელოვანესია. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოები მნიშვნელოვან წინსვლას დებენ წლიდან წლამდე, თუმცა უამრავი გამოწვევა ჯერ კიდევ აქტიურია“, – აცხადებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციას, სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი სააგენტოების წარმომადგენლები და 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. Consumers International-ის საერთაშორისო და სამთავრობო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი ერიკო დე მოლი, ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას ამბობს, რომ თანამედროვე გამოწვევები ბიზნესსა და მომხმარებელთა ურთიერთობებში, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ისე საქართველოში, თითქმის საერთოა. მისივე თქმით, მხარეებს შორის დიალოგი, პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი წინაპირობაა.
„მთავარ პრობლემებს შორის, წელს ყველა ასახელებს ხელოვნური ინტელექტის არასწორად გამოყენებას. ჩვენი აზრით, მთავარი გამოწვევა მაინც ციფრული ვაჭრობის მიმართულებითაა. ონლაინ ვაჭრობისას არაერთი ხარვეზი, შეცდომა, თაღლითობა ფიქსირდება, რაც აფერხებს მომხმარებელთა უფლებების სათანადოდ დაცვას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ტრადიციული, ფიზიკური ვაჭრობის გამოწვევებიც. მაგალითად პროდუქტის უსაფრთხოება ისაა, რაც ერთ-ერთი რთულად დაძლევადი გამოწვევაა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ საკვები და ფიზიკური პროდუქტი, არამედ ციფრული პროდუქტიც, თუნდაც მომსახურება. ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება დიდი გამოწვევა იყო ყოველთვის და დღესაც ასეა. ამიტომ, მიმაჩნია რომ სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესს შორის ასეთი დიალოგი, არსებული პრობლემების დაძლევის ერთ-ერთი მთავარი გზაა. საქართველოში გამართულ ამ კონფერენციაზე, ჩვენ საერთაშორისო გამოცდილება გავაზიარეთ, რაც ყველა მხარეს თავიანთი მეთოდების გაუმჯობესებაში დაეხმარება“, – აცხადებს ერიკო დე მოლი.
ორგანიზატორთა განცხადებით, ორდღიანი კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება და ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის მედიაციის ეფექტური უზრუნველყოფა.
ავტორი: ალეკო გვეტაძე
