კატეგორიები

შეძლებენ თუ არა ევროპელი ფერმერები წყლის ციკლის შენარჩუნებას?

შეძლებენ თუ არა ევროპელი ფერმერები წყლის ციკლის შენარჩუნებას?

ყოველ წელს ევროკავშირის ტერიტორიის 30%-ს წყლის დეფიციტი აწუხებს. ამ დროს მათი წყლის რესურსის მხოლოდ 40%-ია მისაღებ  ეკოლოგიურ მდგომარეობაში. სოფლის მეურნეობა ევროკავშირში ერთდროულად წყლის დარღვეული ცირკულაციის  მსხვერპლიც არის და მისი გამომწვევი მიზეზიც – ევრობლოკმა პირობა დადო, რომ ამ დარღვეულ წონასწორობას აღადგენს.

შევძლებთ თუ არა მიწის დამუშავებას, თუ წვიმა უფრო იშვიათად მოვა? თუ ჩვენი მდინარეები მეტისმეტად დაბინძურებული იქნება? ევროპაში წყლის ცირკულაცია მცირდება. ამ პრობლემით დაზარალებულთა შორის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პირველია. თუმცა ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზიც თავად არის.

ჩვენ შევხვდით ფერმერებს, რომლებსაც მტკიცე აქვთ გადაწყვეტილი, რომ წყლის მოხმარება უფრო ეკოლოგიური და ეფექტიანი გზით მართონ. ჩვენ ირლანდიაში გამოგზაურებთ, თუმცა ჯერ პორტუგალიაში გავჩერდებით. ალენტეჟუს  გვალვიან სამხრეთულ რეგიონში სოფლის მეურნეობა დიდი წარმატებით ვითარდებოდა ალკევის წყლის რეზერვუარის წყალობით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვნური ტბაა ევროპაში. მაგრამ საკმარისი იქნება კი მისი მარაგი სამომავლოდ? პორტუგალიაში 2040 წლისთვის წყალზე ხელმისაწვდომობა 6%-ით შემცირდება, მასზე მოთხოვნა კი 26%-ით მოიმატებს.

ესპორანის (Esporão) მამული, რომელიც ორგანულ ღვინოსა და ზეითუნის ზეთს აწარმოებს, ყველაზე გამძლე ყურძნის ჯიშების ძებნაში ჩაერთო. ეს ნაკვეთი სავენახე ლაბორატორიაა. აქ ყოველ მწკრივში თითო ჯიშის ვაზია დარგული. თითო მწკრივი კი სამ  საცდელ ნაკვეთად იყოფა: ერთს კარგად რწყავენ, ერთს – ცუდად, ერთიც – ურწყავია. ერთ ნაკვეთში ვაზი საერთოდ არ მოურწყავთ, მაგრამ ზოგიერთს მშვენივრად ასხია.

„ეს კარგი მაგალითია,“ – ამბობს  ჟოზე ლუის მორეირა და სილვა, მეღვინეობა Herdade Do Esporao-ს მთავარი მეღვინე. „მშვენივრად ვხედავთ, რომ ის გამძლეა. საოცარი ის არის, რომ ჩვენ ძირითადად ადგილობრივ ჯიშებზე გადავედით და ისინი მართლაც ყველაზე უკეთ უძლებენ კლიმატის ცვლილებას, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს“.

ვაზის ეს ჯიშები გადახურულ ტერიტორიაზე მოჰყვათ, რათა ნიადაგმა სიგრილე და ტენიანობა შეინარჩუნოს. ძალიან ცოტას რწყავენ, რათა ვაზმა ფესვი ღრმად ჩაუშვას მიწაში და უფრო მეტი და ხარისხიანი ნაყოფი მოისხას. მიწისქვეშ ჩაწყობილი მილების საშუალებით ნიადაგის ტენიანობას თითოეულ ნაკვეთში აკვირდებიან და  ვაზს წყლის მცირე მხოლოდ მცირე რაოდენობას აწვდიან.

„ეს წყლის დეფიციტის გრაფიკია. ერთმანეთს ენაცვლება მორწყვისა და წყლის დეფიციტის მონაცემები,“ – განმარტავს რუი ფლორესი, მეღვინეობა Herdade Do Esporao-ს სოფლის მეურნეობის მენეჯერი. „ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიას, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ახლა ვცდილობთ, ყველა მონაცემი ციკლად შევკრათ. სარწყავი მილები ზღვრულ მონაცემებთან დავაკავშიროთ ალგორითმის საშუალებით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენი წყალი სჭირდება თითოეულ ნაკვეთს და ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ვამუშაოთ“.

ამ მამულს გამოყენებული წყლის გამწმენდი ქარხანაც აქვს. ინდუსტრიული წყლის გასუფთავებული  ნაკადით ივსება ეს წყალსაცავი, რომელიც  ფაუნის ველური სახეობების თავშესაფრად იქცა.

„ეს ბიომრავალფეროვნება ეკოსისტემაში წონასწორობას აღადგენს,“ – გვიხსნის ჟოზე ლუის მორეირა და სილვა. „ეს საშუალებას მოგვცემს, რომ წარმოება უფრო ბუნებრივი გზით წავიყვანოთ, ნაკლებად ჩავერიოთ. ჩვენც სწორედ ეს გვინდა“.

ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის წყალი 10%-ით უფრო ეფექტიანად მოიხმაროს. პორტუგალიაში ახალი კაშხლების აშენებას, წყლის მილების მოდერნიზებასა და უფრო მეტი წყლის გადამუშავებას აპირებენ.

ევროპის ზოგიერთ მხარეში წყლის სიმცირეს არ უჩივიან. მაგრამ მისი ხარისხის პრობლემა აწუხებთ. ჩვენ ირლანდიაში ჩავედით, სადაც წყლის ორგანული ნივთიერებებით, მაგალითად, ნიტრატებით დაბინძურების საკითხია მსჯელობის საგანი. ეს ყველაზე მწვავე საკითხია ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა წამყვანია.

ირლანდიაში, სოფლის მეურნეობას ადგილობრივი მიწების 70% უკავია. სწორედ ის არის სოფლის მოსახლეობის საყრდენი და ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი. მაგრამ სოფლის მეურნეობის ინტენსიურმა განვითარებამ პრობლემები შეუქმნა მდინარეებს, ტბებსა და მიწისქვეშა წყლებს. ამიტომ მთავრობა ფერმერებთან ერთად გამოსავალს ეძებს.

პროექტი „ფერმერული მეურნეობა წყლის ეკოინდუსტრიული პარკისთვის“ (Farming for Water EIP) თანამშრომლობას ეყრდნობა და ხელს უწყობს ისეთ ფერმერულ მეურნეობას, რომელიც წყლის ხარისხზე ზრუნავს.

ჯოან მარტინი, მტკნარი წყლის სისტემის შემსწავლელი მეცნიერი, პროექტი „ფერმერული მეურნეობა წყლის ეკოინდუსტრიული პარკისთვის“ (Farming for Water EIP) წარმომადგენელი:

„ჩვენ ფერმერებთან ვთანამშრომლობთ. ეს ხალხი ჩვენი ძირითადი მრჩევლები არიან. ისინი ხვდებიან ფერმერებს, ათვალიერებენ ფერმებს და ადგენენ, თუ სად არის ყველაზე საშიში მონაკვეთები, სადაც ნუტრიენტები წყალს ერევა და განიხილავენ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი“.

ბუნებრივი პრევენციის მექანიზმი ასეთ დაჭაობებულ ტბორებს გულისხმობს, რომელთა მცენარეული საფარიც ფილტრის როლს ასრულებს და  ლექსა და ნუტრიენტებს აკავებს. ასეთივე მექანიზმია მდინარეებსა და დამუშავებულ მინდვრებს შორის გადაჭიმული სანაპირო ბუფერული ზონები, სადაც  რძის ფერმებს საქონლის გამოსაკვებად ბალახი მოჰყავთ. ამ პროექტის მიზანია, რომ  ნიალ ბირნის  მსგავს იმ 15 ათას ფერმერს მოემსახუროს რჩევებით, რომელთა მიწებიც პრიორიტეტულ ფართობზე მდებარეობს.

კიან კორკორანი, კომპანია Lakeland Dairies-ის მრჩეველი:

„აქ ფოსფორის გაჟონვის სახიფათო ზონაა. და ჩვენ მისი გადინების გზებს ვადგენთ. აქ უკვე შევაჩერეთ ფოსფორისა და  შლამის გავრცელება წლის დასაწყისში. აქ აღარ დავბრუნდებით 15 მარტამდე“.

„ამ ფერმის გავლენა უკვე შესამჩნევია, ისე სწრაფად გაჯანსაღდა გარემო,“ – ამბობს  ნიალ ბირნი. „უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ის ფინანსური დახმარება, რომელსაც ასეთი ტიპის სამუშაოსთვის ვიღებთ, ძალიან დიდი შეღავათია ჩვენთვის. ჩვენ, ფერმერები, წყალთან ახლოს ვმუშაობთ, მაგრამ მას ისევე მოვიხმართ, როგორც ყველა დანარჩენი. ბევრი სხვა ადამიანია ამ წყალზე დამოკიდებული, ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში“.

ევროპული დირექტივა ნიტრატების შესახებ მოითხოვს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა განსაზღვრონ დაუცველი სახიფათო ტერიტორიები და შეზღუდონ მავნე ნივთიერებების გავრცელება. ჯოანი გვიჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს სასუქი და პესტიციდი მდინარეებზე.

„წყლის კარგად გამტარ ნიადაგში ნიტრატების შემცველობა სერიოზული პრობლემაა,“ – გვიხსნის ჯოან მარტინი.  „წვიმა ამ ნივთიერებას მიწისქვეშა წყლებში ჩარეცხავს, რომლებიც საბოლოოდ მდინარეში ჩაიტანს. მდგრად ნიადაგში უფრო ფოსფორის პრობლემა გვაქვს. აქ კარგად ჩანს, რომ ქვები დაფარულია ძაფივით წვრილი წყალმცენარეებით, ეს კი წყალში ფოსფორის შემცველობას მიანიშნებს“.

ამ წყალმცენარეს შეუძლია, წყალში ჟანგაბდის რაოდენობის შემცირება გამოიწვიოს. წყლის ზოგიერთ ბინადარს, მაგალითად, ამ კიბორჩხალას არაფერი უშავდება, მაგრამ სხვა სახეობები უკვე გაქრნენ.

კეიტ ტინანი, მტკნარი წყლის სისტემის შემსწავლელი მეცნიერი, პროექტი „ფერმერული მეურნეობა წყლის ეკოინდუსტრიული პარკისთვის“ (Farming for Water EIP):

„როცა ბალანსი ირღვევა, სახეობები ერთი მეორის მიყოლებით ქრებიან, სანამ მდინარეში მხოლოდ გამძლე სახეობები არ დარჩებიან“.

ირლანდიის წყლის რესურსის  54%-ს „კარგი“ ან „ძალიან კარგი“ ეკოლოგიური მდგომარეობის სტატუსი აქვს. ევროკავშირი წყლის ჩარჩო დირექტივის საშუალებით მოითხოვს, რომ ეს მაჩვენებელი 100% იყოს.

„ირლანდიაში დაბინძურებას ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობა იწვევს, თუმცა სხვა ფაქტორებიც არსებობს, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი მდინარეების ფიზიკური მდგომარეობა,“ – ამბობს ჯოან მარტინი. „საჭიროა კარგი მენეჯმენტი, უნდა ჩაერთონ ფერმერები. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს წყლის დასაცავად“.

„გვაქვს გამოყენებული წყლის გადამამუშავებელი საწარმოებიც. ზოგჯერ სატყევე მეურნეობაც ახდენს ზეწოლას“, – დაამატა კეიტმა.

ირლანდიაში წყლის სისტემების აღდგენა დეგრადირებულ ტორფნარებსაც უკავშირდება. ევროკავშირის ბუნების აღდგენის კანონის მთავარი პრობლემა იმ ადგილების ხელახალი დატენიანებაა, რომელთაც ხშირად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან ელექტროენერგიის წარმოების გამო აშრობდნენ. ნიადაგს რომ თავისი ეკოსისტემა დაუბრუნონ,  მოახლისეები ევროპული პროექტის Palus Demos-ის მოწოდებას გამოეხმაურნენ, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მიწათმოქმედების ალტერნატიული მეთოდის –  პალუდიკულტურის (Paludiculture) უპირატესობა წარმოაჩინოს.

„თუ ფერმერს თავისი მიწის ხელახლა დაჭაობებას მოსთხოვ, ეს მიწა სრულიად გამოუსადეგარი გახდება შემოსავლის თვალსაზრისით,“ – განმარტავს არტურ დევინი, Palus Demos Partner-ის კომპანია Bord Na Móna-ს წარმომადგენელი. „ჩვენ კი ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რომ შეიძლება აქ ტორფის ხავსი მოიყვანო და ამით ის ქოქოსის ბოჭკო ჩაანაცვლო, რომელსაც მებაღეობაში კომპოსტისთვის იყენებ“.

ფრეია კონოლი, მდინარის ტრესტის Palus Demos Partner-ის წარმომადგენელი ამობს, რომ ცნობილი ტორფის ხავსს წყალდიდობის დროს „თავის წონაზე 20-ჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია“.

„პალუდიკულტურა, რომელიც ნესტიანი ნიადაგის პროდუქტიულ გამოყენებას ნიშნავს, მიზნად ისახავს, რომ ყველას სარგებელი მისცეს“, – ამბობს ფრეია კონოლი.

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

Related news
შეძლებს თუ არა ევროპა „უხრწნელი ქიმიკატის“ აკრძალვას? გარემოს დამბინძურებლებს ჯარიმის გადახდას აიძულებენ
სხვა ამბები