იცით, ფაუნის რომელი სახეობაა ევროპაში ველური ბუნების ტრეფიკინგის ყველაზე დიდი მსხვერპლი? - ევროპული გველთევზა. დღეს გიამბობთ საოცრად შორ გზაზე მიმავალი ამ მიგრანტის ამბავს, რომლის ტრეფიკინგიც კოკაინით ვაჭრობაზე მეტ შემოსავალს იძლევა.
ევროპა ებრძვის ამ უკანონო ვაჭრობას. ჩვენ მოგზაურობას ესპანეთ-პორტუგალიის საზღვარზე მდინარე მინოს შესართავიდან ვიწყებთ. სწორედ აქ ჩამოაქვთ ყოველ ზამთარს, სარგასოს ზღვის ამერიკის შეერთებული შტატების აკვატორიიდან გველთევზას მილიონობით ლიფსიტა, რომელთაც მინისებრს უწოდებენ. ამ სახეობის პოპულაცია ბოლო ათწლეულში 90%-ით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ლიფსიტებით ვაჭრობა ევროპაში უკანონოა, ზოგიერთ რესტორანში ამ ლიფსიტებს კილოს 1350 ევროდ მოგართმევენ. თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. გველთევზას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ექსპორტი მკაცრად აკრძალულია. მაგრამ ის მაინც გრძელდება. ესპანეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ თევზის ამ სახეობის დაჭერა საერთოდ აიკრძალოს, რადგან აქ, გალისიაში, მასზე თევზაობა რამდენიმე კვირის განმავლობაში ნებადართულია.
ამ სახეობაზე თევზაობას განუწყვეტლივ აკვირდება SEPRONA - ესპანეთის გარემოს დაცვის პოლიცია.
გველთევზას ლიფსიტები ატლანტის ოკეანეს რომ გადმოლახავენ, მათი მოგზაურობა ლიფსიტობის ფაზაშივე მთავრდება. ამ ლიფსიტების გაყიდვა კანონის ფარგლებში დასაშვებია და კილო დაახლოებით 600 ევროდ უნდა გაიყიდოს. მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე მათი ფასი შესაძლოა ათჯერ მეტიც იყოს... ეს კი ძალიან დიდი მოტივაციაა ბრაკონიერებისთვის.
“როდესაც დაჭერილი თევზის რაოდენობა ნებადართულ დღიურ ზღვარს უახლოვდება, დიდი ალბათობით, მის ნაწილს ნავში მალავენ,“ - განმარტავს დანიელ ბარტურენ გარსია, SEPRONA of Pontevedra-ს კაპიტანი. „ამას შესაძლოა იმიტომ აკეთებენ, რომ გველთევზას ლიფსიტები უკანონოდ გაყიდონ არაოფიცალური არხების საშუალებით“.
თევზაობის სეზონზე პოლიცია, გზებზე ბლოკპოსტები მოაწყო, სადაც გადამალულ თევზს ეძებდნენ: იყო შემთხვევა, როდესაც გველთევზას ლიფსიტები ჩუმად ავზებით მიჰქონდათ. ევროპოლის მიხედვით, ყოველ წელს დაახლოებით 100 ტონა გველთევზას ლიფსიტა გადის კონტრაბანდული გზით. პანევროპული პოლიციის სააგენტო უწევს კოორდინაციას ოპერაციას, სახელწოდებით „ტბა“, რომლის დროსაც კონტინენტური ევროპის ფარგლებში რეკორდულად დიდი რაოდენობით კონტრაბანდისტული საქონელი დააკავეს. ერთ შემტხვევაში გველთევზები თვითმფრინავში ჩემოდნებით უნდა აეტანათ და ისე წაეღოთ.
“გველთევზები ყინულში ჩადეს, რომ ნივთიერებათა ცვლა შენელებოდათ,“ - გვიხსნის დანიელ ბარტურენ გარსია. „დამატებით შეუშხაპუნეს ჟანგბადი, რათა აზიამდე ცოცხლებს ჩაეღწიათ. იქ მათ სპეციალურ თევზსაშენებში ასუქებენ, რათა მათგან გველთევზას ფილე დაამზადონ მოხმარებისთვის. ერთი კილო ლიფსიტისგან შეგიძლია 1350 კილო გველთევზა გაზარდო“.
ევროკავშირში მიზნად დაისახეს, რომ ზრდასრული გველთევზების 40% ზღვაში დააბრუნონ, რათა გამრავლდნენ. ქალაქ ვიგოში დაფუძნებული ევროპის თევზჭერის კონტროლის სააგენტო უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი რგოლია, რადგან ლიფსიტების ტრეფიკინგი ხელს უშლის ამ მიზნის მიღწევას. ამ დაწესებულებაში ერთად სხედან ევროპოლისა და „სპეციალური ოპერატიული მოქმედების“ სამსახურის (Dedicated Operational Actions) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
“ბრაკონიერები ნადავლის დაჭერის შემდეგ ძალიან დიდ კონტრაბანდულ გზას გადიან, რათა ეს გველთევზა აზიაში ჩაიტანონ. ამ პროცესში შესაძლოა იყოს ჩავარდნები და სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში ევროპული თანამშრომლობა,“ - ამბობს ვიტაუტას ლუკასი, ევროპის თევზჭერის კონტროლის სააგენტოს (EFCA) ოპერაციის მხარდაჭერის განყოფილების ოფიცერი. „ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით, რომ გაგვეფართოებინა ინფორმატიული სივრცე, ვეხმარებოდით ევროპოლს, რომ ჯაჭვი შეეკრა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ერთად დაესხა, რადგან ცალ-ცალკე თითო წვეთს ვგავართ, ერთად კი უკვე ოკეანე ვართ“.
საქონლის წარმოშობის, მოხმარებისა და ტრანზიტულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ევროკავშირის ველური ბუნების ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული სამოქმედო გეგმის ხერხემალია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ გველთევზას საფრანგეთში იჭერენ. სწორედ აქ არის ინტერპოლის (კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია) სათავო ოფისიც. როგორც ექსპერტები მიხსნიან, ბრაკონიერები მუდმივად ახალ გზებს ეძებენ ევროპისა თუ აფრიკის გავლით. ზუსტად ისე, როგორც ნარკომოვაჭრეები.
“არსებობს ფულის გათეთრებაში ჩართული კომპლექსური სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა ოპერირებენ, როგორც ლეგალური კომპანიები სხვადასხვა ქვეყანაში,“ - განმარტავს ხოსე ადრიან სანჩეს რომერო, INTERPOL-ის გარემოს უსაფრთხოების დაცვის ქვედირექტორატის წარმომადგენელი. „სწორედ აქ ერთვება საქმეში ინტერპოლი, რათა კრიმინალური ქსელის შემადგენელი რგოლები დაადგინოს“.
ყოველ წელს ტონობით შემოაქვთ უკანონოდ გველთევზას ევროპული სახეობა, დეკლარაციაში კი გველთევზას სხვა სახეობას აფორმებენ. ახლა მებაჟეებს ძალიან სწრაფი DNA-ის ტესტიც ეხმარებათ, რომლის შედეგსაც 15 წუთში იგებენ. როდესაც ზეწოლა იზრდება, კრიმინალური ქსელები ალტერნატივას ეძებენ. დღეს ასეთი ალტერნატივა ამერიკული გველთევზაა.
სწორედ ცხოველების ირგვლივ მიმდინარეობდა დებატები ველური ბუნების ვაჭრობისგან დაცვის კონფერენციის CITES CoP20-ის ფარგლებში. ევროკავშირი და პანამა გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შედგეს გველთევზას ყველა სახეობის ნუსხა. CITES-ი არის შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ფლორითა და ფაუნით საერთაშორისო ვაჭრობას. CITES-ის სიაში გველთევზებიდან მხოლოდ ევროპული გველთევზაა შეტანილი: ევროკავშირის ინიციატივას უარი უთხრეს, მაგრამ მხარეებმა გველთევზებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.
თეა კაროლი, CITES-ის სამდივნოს სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი:
“რეზოლუცია მხარეებისთვის გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების სახელმძღვანელოა. ეს კონკრეტული რეზოლუცია, მაგალითად, იმას გულისხმობს, რომ მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ მიკვლევადობისა და რეგულაციების აღსრულების საკითხებში. დოკუმენტი იმასაც აღიარებს, რომ ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, მაგალითად, სახეობებთან დაკავშირებით, მათი სიცოცხლის სხვადასხვა ფაზებთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია ჩარევის სხვადასხვა მეთოდის საშუალებით ამ სახეობების კონსერვაცია და მიზანშეწონილი მოხმარება. მხარეები ითანამშრომლებენ ყველა ამ საკითხის ირგვლივ, რათა ინფორმაცია მიაწოდონ სამდივნოს. შემდეგ სამეცნიერო კომიტეტი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა შემდეგი ნაბიჯები, გაიცემა რეკომენდაციები მხარეებისთვის, რათა უზრუნველყონ გველთევზების კონსერვაცია და მართვა“.
წნეხი რომ შემცირდეს თევზის ამ სახეობაზე, რომელიც ტყვეობაში არ მრავლდება, ათასობით შეფმზარეულმა მთელი მსოფლიოდან არასამთავრობო ორგანიზაცია Ethic Ocean-ის მოწოდება ყურად იღო და აღთქმა დადო, რომ საკუთარი მენიუდან გველთევზა ამოიღოს.
ამ სახეობის გადაშენების კიდევ ერთი მიზეზი ჭარბი თევზჭერაა. სხვა ფაქტორებს შორის არის: გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ჰაბიტატის გაქრობა და ადამიანის საქმიანობის გამო მიგრაციის შეფერხება.
ავტორი: სირილ ფურნერისი
