კატეგორიები

ნატო აღმოსავლეთ ევროპის დასაცავად

ნატო აღმოსავლეთ ევროპის დასაცავად
ესტონეთში მასშტაბურ საველე წვრთნაში  კანადის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, პოლონეთის, სლოვენიისა და გაერთიანებული სამეფოს ჯავშანტექნიკა ჩაება. ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მანევრებში დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 

წვრთნების მიზანი იყო კრიზისულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარების შემოწმება და დახვეწა. ალიანსი ემზადება, აგრესიას მკვეთრი, და ძლიერი პასუხი გასცეს იმ შემთხვევაში, თუკი აგრესორი ქვეყანა ესტონეთის საზღვარს გადაკვეთს. ესტონეთში ამ ჯავშანსატანკო სწავლებამდე მსგავსი სახის მანევრები ლატვიაშიც გაიმართა. ალიანსის ქვეყების მთავარი საბრძოლო ტანკები სინქრონულ მოქმედებებს ხვეწდნენ. ყველა ქვეყანაში განსხვავებული რელიეფია, შესაბამისად, კანადელი ტანკისტისთვის მნიშვნელოვანია ესტონეთისა თუ ლატვიის ლანდშაფტზე მანევრების ეფექტიანობის დახვეწა. რაც დანაყოფის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.

„ცხადია, ჩვენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია თანამშრომლობა ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. თავსებადობა აუცილებელია. როგორც იცით, აქ ბევრი პარტნიორი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ტაქტიკით მოქმედებენ. უნდა დავრწმუნდეთ, რამდენად შეგვიძლია გავერთიანდეთ და ვიქცეთ ერთიან ძალად, რომელსაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეკავება და საბრძოლო ოპერაციების განხორციელება. რელიეფი ნამდვილად ცვლის ტანკების ბრძოლის წესს. სადაც არ უნდა წავიდეთ, ბრძოლის ველზე ერთსა და იმავე რამეს – დაცვას, საცეცხლე ძალასა და მობილურობას უზრუნველვყოფთ. თუმცა, როგორც ხედავთ ჩემ უკან ტყე საკმაოდ ხშირია და ამან ნამდვილად შეცვალა ჩვენი მიდგომა. ბევრი რამ უნდა გვესწავლა ესტონელებისა და ბრიტანელებისგან, რომლებიც გარკვეული პერიოდი აქ იყვნენ. ასე რომ, დიახ, ეს ყველასთვის შესანიშნავი გამოცდილებაა“, – ამბობს კაპიტანი მაილს სმიტი, კანადის სამეფო არმის ოფიცერი.

სახმელეთო მანევრების პარალელურად აღმოსავლეთ ევროპის სხვა მიმართულებაზე,  რუმინეთში, გერმანული ავიაგამანადგურებლები აქტიურად პატრულირებენ. გერმანული Eurofighter Typhoon-ები რუმინეთის სამხედრო ავიაციის საჰაერო ბაზაზე 2025 წლის აგვისტოში ჩაფრინდნენ და გეგმიურ როტაციაში ჩაებნენ.

„ჩვენ  შეგვიძლია უფრო სწარაფი რეაგირება, სიტუაციის უკეთ აღქმა და დაკვირვება  სამიზნეზე, რათა გავიგოთ, რა არის და უქმნის თუ არა ის საფრთხეს ნატოს. და თუ ასეა, ჩვენ მზად ვართ, მას შევუტიოთ და დავიცვათ ნატოს ტერიტორია აქ, აღმოსავლეთ ფლანგზე“, – თქვა გერმანიის სამხედრო  საჰაერო ძალების ოფიცერმა ვიცე-პოლკოვნიკი თომას კოტინგმა.

გამანადგურებლები და მათი პილოტები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ, ნატოს საჰაერო ძალები მზად არიან, განგაშის გამოცხადებიდან მაქსიმუმ 15 წუთში აფრინდნენ. „ჩვენს საქმიანობაში შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ ყოველდღიურად ვისწრაფოდე სრულყოფილებისკენ, ვიყო გუნდის ღირსეული წევრი და ხელი შევუწყო უსაფრთხოების დაცვას, იმას, რასაც აქ ვაკეთებთ“, – აბობს ვიცე-პოლკოვნიკი „ტენე“  გერმანიის საჰაერო ძალებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო თანამედროვე შეიარაღება აქვთ, ნატოს საბრძოლო მანევრები და რეგიონში გაგზავნილი ძალები უფრო მეტად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას  იმ ქვეყნებში, რომლებშიც ხშირია რუსული ჰიბრიდული მოქმედებები. შეკავების ახალი შესაძლებლობებით აღმოსავლეთი ევროპა უფრო დაცული ხდება,  ნატო კი – მეტად უსაფრთხო.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის საჰაერო ძალები NATO-ს მისიის ფარგლებში ლიეტუვაში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს დატოვების საკითხს განიხილავს
სხვა ამბები